„სერიოზული და ავტორიტეტული დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციების, როგორიცაა Fitch, S&P, Moodys’ დასკვნები და შეფასებები გვაქვს, რომ ურთულესი პანდემიური და პოსტპანდემიური პერიოდი მაჩვენებლების გაუარესების გარეშე დავძლიეთ. ბოლო 3 წლის განმავლობაში გვაქვს ზრდა – 2021 და 2022 წლებში ორნიშნა, ხოლო ამ წლის მაჩვენებლებით ასევე მაღალი ზრდა – 7.2%-იანი აქტივობით“, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში ვიცე-პრემიერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს მოუსმინეს.
მისი თქმით, ქვეყანაში უმუშევრობის დონე გასულ წლებთან შედარებით შემცირებულია და უახლოეს მომავალში დასაქმების ხარჯზე კიდევ უფრო მეტად შემცირდება. კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, ქვეყანას აქვს დადებითი ტენდენცია ტურიზმისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, თუმცა ხელისუფლება არ აპირებს ამ მაჩვენებლებზე გაჩერებას, ვინაიდან უფრო მეტი მოთხოვნაა როგორც საზოგადოების, ასევე ხელისუფლების მხრიდანაც.
„წინსვლა და პროგრესი არ ნიშნავს, იმას, რომ ჩვენ ვერ აღვიქვამთ გამოწვევებს, ვერ ვაფასებთ და ვერ ვხედავთ არსებული ეკონომიკური სიტუაციის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიმართულებებს. პირიქით, ყველას კარგად გვესმის ყველა გამოწვევის არსიც და მათი გადაჭრის თუ პრობლემებთან გამკლავების სწორი გზაც დასახულია“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
მისივე თქმით, საჭიროა უფრო მეტი სტრუქტურული რეფორმა, ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების ხელშეწყობა, საექსპორტო პოტენციალის დივერსიფიკაცია და ვაჭრობის ხარისხობრივი გაძლიერება. კომიტეტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ყურადღება ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის აქტზე გაამახვილა.
„რუსეთის აგრესიამ და უკრაინის წინააღმდეგ მიმართულმა ომმა, მათ შორის, უპირველესად ენერგეტიკულმა ომმა, დაგვანახა, რომ ენერგეტიკული დამოუკიდებლობის აქტს არ აქვს ალტერნატივა. კომიტეტი აქტიურად მუშაობს ამ საკითხზეც და უახლოეს მომავალში ფართო მსჯელობისთვის წარმოადგენს მას“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
კომიტეტის თავმჯდომარე ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვისა და განვითარების საკითხსაც შეეხო.
„გვაქვს წინადადება და შესაძლებელია ამასთან დაკავშირებით უწყებათშორისი სპეციალიზებული კომისია შეიქმნას, რათა ჩამოყალიბდეს ხელოვნური ინტელექტის განვითარების სტრატეგია, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ბევრ ქვეყანას უკვე გააჩნია შესაბამისი სტრატეგია და ამ შემთხვევაშიც ჩვენი ქვეყანა არ უნდა ჩამორჩეს პროცესებს და უნდა იყოს მოწინავე“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.