ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიში წარადგინა

04/10/2023

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშით წარსდგა. ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ასპექტები, ეკონომიკური ტენდენციები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები – ეს ის ძირითადი თემებია, რომლებზეც ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გამოსვლის დასაწყისშივე აღნიშნა, მისმა უწყებამ, მთლიანად მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა, მაქსიმალურად მოქნილი, ადეკვატური მექანიზმებით შეძლო ბოლო წლებში არსებული საერთაშორისო თუ რეგიონულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ გამოწვევებზე რეაგირება და არსებული საშინაო თუ საგარეო შოკების განეიტრალება საქართველოს ეკონომიკისა და მოსახლეობისთვის. ლევან დავითაშვილის თქმით, ამაზე სტატისტიკური მაჩვენებლებიც მეტყველებს, მათ შორის – არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდა და უმუშევრობის ისტორიული მინიმუმი. კერძოდ, ეკონომიკური ზრდის პოზიტიური დინამიკა 2023 წელსაც გრძელდება – იანვარ-აგვისტოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 7%-ს შეადგენს.

“2023 წლის პირველ და მეორე კვარტალში 1,4 პროცენტული პუნქტით შემცირდა უმუშევრობის დონე წლიურად, პარალელურად, გაიზარდა სამუშაო ძალისა და დასაქმების მაჩვენებლები. ბოლო ათი წლის განმავლობაში სიღარიბე ფაქტობრივად, განახევრდა, თუმცა, უმუშევრობა და სიღარიბის კიდევ უფრო შემცირება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა – სწორედ აქეთაა მიმართული ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას, სტრუქტურული რეფორმების გატარებას, საექსპორტო პოტენციალის გაფართოებასა და ვაჭრობის ხარისხობრივ გაუმჯობესებას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ კერძო სექტორის ხელშეწყობა და გაძლიერება მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამასთან, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების შემდგომი ხელშეწყობის მექანიზმებზე საუბრისას როგორც მან აღნიშნა, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ სხვადასხვა ახალ ინიციატივებზე მუშაობს, მათ შორის, დაფინანსების ალტერნატიული წყაროების განვითარებაზე, მათ შორის ობლიგაციების გამოშვებაზე, სააქციო კაპიტალის განვითარებასა და აქტივებზე დაფუძნებულ დაფინანსებაზე. მინისტრის თქმით, სააგენტოს მიერ გაცემულ 1 ლარზე, ბენეფიციარებმა დამატებით 14 ლარის შემოსავალი დააგენერირეს, ამავე 1 ლარის კონტრიბუცია მთლიან შიდა პროდუქტში 4,2 ლარს შეადგენს, ხოლო ყოველ გაცემულ 1 ლარზე პროექტის განხორციელებიდან 1 წლის განმავლობაში ბიუჯეტში გადასახადების სახით 1,5 ლარი შედის.

„სიახლეები გვაქვს მეწარმეებისთვის ადგილობრივ დონეზე ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების მიწოდების კუთხით – დამუშავდა რეგიონალური საკონსულტაციო ცენტრების კონცეფცია და მიმდინარე წელს სატესტო რეჟიმში ფუნქციონირება დაიწყო სამეგრელო-ზემო სვანეთის საკონსულტაციო ცენტრმა ქალაქ ზუგდიდში. ამასთან, მიმდინარეობს აჭარისა და კახეთის ცენტრების გასახსნელად მოსამზადებელი სამუშაოები. 2023-2024 წლებში ქვეყნის მასშტაბით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საკონსულტაციო ცენტრები ჯამში 10 რეგიონსა და დედაქალაქში გაიხსნება“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, დასრულდა მოლაპარაკებები საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ტექსტზე. ასევე სამხრეთ კორეასთან და ისრაელთან ხელმოწერილია მემორანდუმები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობის კვლევის დასრულებასა და მხარეთა მიერ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე. კორეასთან და ისრაელთან მოლაპარაკებების დაწყება 2024 წლიდან იგეგმება. მინისტრის განცხადებით, ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი დარგია, სადაც ასევე პოზიტიური ტენდენციებია. მისი ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურის, ბალნეოლოგიური კურორტების, საბაგიროების, კონკურენტული სერვისებისა და ახალი, მიმზიდველი მიმართულებების განვითარება. მან ასევე ხაზი გაუსვა ტურიზმიდან შემოსავლების რეკორდულ ზრდას და ტურიზმის აღდგენის დინამიკას, რაც პანდემიის შემდეგ ფიქსირდება ჩვენს ქვეყანაში. მინისტრის თქმით, გასულ წელს მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის, ანუ პანდემიამდელ დონეს 7,6%-ით გადააჭარბა და 3,5 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა.

„2023 წლის ორ კვარტალში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 1,8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და ზრდა პანდემიამდელ ანუ 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 24%-ს შეადგენს. მიმდინარე წლის პირველი ორი კვარტლის მდგომარეობით, ქვეყანამ 2.9 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა, რაც 2019 წლის მონაცემების 74%-იანი აღდგენაა. მოლოდინი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ტურიზმიდან 4.4 მილიარდ აშშ დოლარის შემოსავალს მიიღებს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, 2024 წელს საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს, რასაც გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრმა ევროპულმა ქვეყნებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი. მისი თქმით, 2024 წელსვე ფრირაიდის მსოფლიო ტური სვანეთში ჩატარდება, რაც ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს აეროპორტების განვითარება, არსებული დინამიკა და ამ მხრივ მიმდინარე პროექტები – კიდევ ერთი პრიორიტეტული თემაა, რომელზეც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვრცლად ისაუბრა. მისი ინფორმაციით, 2022 წელს, პანდემიამდელ ანუ 2019 წელთან შედარებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელმა 85%, ხოლო რეისების აღდგენის მაჩვენებელმა 88% შეადგინა. ვიცე-პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტებზე, ასევე 50 000 მგზავრზე გათვლილი ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე თელავის აეროპორტში.

„ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ გვქონდეს უფრო მეტი ავიამიმოსვლა სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის, ვიმუშავეთ ჩინეთთან მეტი პირდაპირი ავიარეისების საკითხებზე და შედეგად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია China Southern Airlines საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენების სიხშირეს ზრდის ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის საჰაერო ხაზზე. იმედი გვაქვს, რომ ჩინეთის სხვადასხვა ქალაქებთანაც გვექნება დაკავშირებადობა“ – აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, ასევე აღსანიშნავია ინდური ავიაკომპანია „ინდიგოს“ შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში, რომელმაც საქართველოსა და ინდოეთს შორის ფრენების შესრულება მიმდინარე წლის 8 აგვისტოს დაიწყო. ამ მომენტისთვის ნიუ დელისა და თბილისს შორის რეგულარული ფრენები კვირაში 3 სიხშირით ხორციელდება. ვიცე-პრემიერმა პარლამენტარებს ასევე დეტალურად გააცნო ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი, ენერგეტიკის სექტორში არსებული სურათი, ისაუბრა ამ კუთხით მნიშვნელოვან პროგრესსა და პოზიტიურ ტენდენციებზე. როგორც მან აღნიშნა, 2023 წლის 9 თვეში საქართველოში ენერგოგენერაციის მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ რეკორდულ მაჩვენებელს და ისტორიულ მაქსიმუმს – 11,1 მლრდ. კვტ/სთ-ს მიაღწია. მისი თქმით, ასევე, რეკორდულია ელექტროენერგიის ექსპორტის მაჩვენებელიც – 1,5 მლრდ კვტ/სთ. ვიცე-პრემიერმა ასევე დადებითად შეაფასა განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა, რომლის ფარგლებში 300 მგვტ. დადგმული სიმძლავრის პირველი აუქციონი ჩატარდა – შედეგად 15 ჰიდროელექტროსადგურის, 2 ქარის ელექტროსადგურისა და 10 მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი განხორციელდება. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მთავრობა მუშაობს დიდი სიმძლავრის ოთხი ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განვითარებაზე. მათ შორისაა „ხუდონჰესის“ პროექტიც. მან ასევე გაამახვილა ყურადღება ქვეყნის ენერგოსტაბილურობისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტზე, აგრეთვე გარდაბნის მუნიციპალიტეტში 350-430 მგვტ დადგმული სიმძლავრის კომბინირებული ციკლის მაღალეფექტური თბოელექტროსადგურის მშენებლობასა და ამ მიზნით კერძო ინვესტორის გამოვლენის პროცესზე.

„გაზიფიცირება არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით ვახორციელებთ არაერთი წელია და მნიშვნელოვანია რეგიონების ეკონომიკურ-სოციალური განვითარების თვალსაზრისით. რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები – მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში, გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები დასრულდა 37 დასახლებულ პუნქტში – ქსელში ჩართვის შესაძლებლობა 7800-ზე მეტ ოჯახს მიეცა. სამუშაოების დასრულების შემდგომ ბუნებრივი გაზი ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 93 პროცენტისთვის“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

საქართველოს პერსპექტივა, გახდეს რეგიონული სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბი, – ეს კიდევ ერთი თემაა, რომელზეც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დეპუტატებს მთავრობის ხედვა და მისი რეალიზაციისთვის გადადგმული ნაბიჯები გააცნო. ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება გამაახვილა რამდენიმე სატრანსპორტო პროექტზე, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე, რომლის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა იქნება 600 ათასი კონტეინერი, ხოლო საორიენტაციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარი. მინისტრმა კიდევ ერთ სტრატეგიულ მიმართულებად რკინიგზის მოდერნიზაცია დაასახელა, რომელიც 2024 წელს დასრულდება და შედეგად საქართველოს რკინიგზის წლიური გამტარუნარიანობა 28 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონამდე გაიზრდება. ლევან დავითაშვილი თქმით, შიდა საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის რეფორმის შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის მომსახურების ხარისხი, გაიზრდება კონკურენტუნარიანობა, ამაღლდება უსაფრთხოების დონე. საქართველოში ასევე მოწესრიგდება საკრუინგო კომპანიების ანუ მეზღვაურთა დამსაქმებელი სააგენტოების საქმიანობა და მათ აეკრძალებათ სახელმწიფოს მხრიდან სერტიფიცირების გარეშე საქმიანობა, რითიც მაქსიმალურად იქნება დაცული მეზღვაურთა უფლებები. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამოქმედდება ცვლილება კანონში „მეზღვაურთა შრომის შესახებ“, რომლითაც მეზღვაურთა სოციალური და შრომითი უფლებების დაცვის ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზრდება. იმ საკითხებს შორის, რაზეც ვიცე-პრემიერმა თავის გამოსვლაში ასევე გაამახვილა ყურადღება, იყო ხარისხის ინფრასტრუქტურა, ინტერნეტიზაციის პროგრამა, ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება, ქვეყნის სივრცითი დაგეგმარება, სტრუქტურული რეფორმები და სხვ.

„ჩემს მიერ ჩამოთვლილი რეფორმები და ღონისძიებები, უპირველესად, მიმართულია ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება და სიღარიბის შემცირებისკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მხოლოდ რიცხვები და მშრალი სტატისტიკა იქნება და არა ის გაწეული სამუშაო, რომელმაც საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა უნდა უზრუნველყოს. სამინისტროს საქმიანობა მიმართულია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდისკენ, კერძო სექტორის განვითარებისკენ და შესაბამისად, ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნისა და ეფექტიანი გამოყენებისკენ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლის დასასრულს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0