ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის წლიური ანგარიში განიხილა, რომელიც დეპუტატებს სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ გააცნო.
ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, კონკურენციის ეროვნული სააგენტოსთვის 2022 წელი აქტიური და სიახლეებით დატვირთული იყო. პირველი ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი, სააგენტომ აღსრულების პროცესი დაიწყო. კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში უკვე მუშაობს შესაბამისი დეპარტამენტი და ამ სფეროში პირველი წარმატებული ნაბიჯებიც გადაიდგა. მისი ინფორმაციით, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ ფარმაცევტული ბაზრის კონკურენტუნარიანობის და მეტი გამჭვირვალობის მიზნით გაცემული 13 რეკომენდაციის დანერგვა აქტიურად მიმდინარეობს. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, 2022 წლის პირველი ნახევარი ნავთობზე მაღალი ფასებით გამოირჩეოდა, რამაც ნავთობიმპორტიორი ქვეყნების ეკონომიკასა და ინფლაციაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. მისი თქმით, მოცემულ პერიოდში საქართველოც კრიტიკულად მაღალი ფასებით გამოირჩეოდა. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგმა საქართველოში მოქმედი საწვავის 5 რეალიზატორი კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში დაიხურა სამი მოკვლევა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის და შეთანხმებული ქმედების ფაქტებზე.
2022 წელს სააგენტომ დაიწყო საბანკო პროდუქტების რეალიზაციისას სადაზღვევო პროდუქტების მიწოდება-შეთავაზების ბაზრის შეფასება. მომხსენებლის განცხადებით, სადაზღვევო ბაზარი რეფორმების მოლოდინშია და, მისივე მოსაზრებით, სააგენტოს მიერ მომზადებული შეფასება და რეკომენდაციები მის წარმატებულ განხორციელებას შეუწყობს ხელს. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, 2022 წელს სააგენტოში ევროკავშირის მხარდაჭერით TWINING-ის პროექტი დაიწყო. მისივე თქმით, აქტიურია თანამშრომლობა აშშ განვითარების სააგენტოსთან (USAID), რომელთა მხარდაჭერით არაერთი წარმატებული პროექტი ხორციელდება.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის წლიური ანგარიში განიხილა
28/09/2023