გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი და ეროვნული გმირის ზაზა დამენიას საფლავი ყვავილებით შეამკო.
“30 წლის წინ სოხუმის დაცემით დასრულდა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა – აფხაზეთის ომი, რომელმაც ძალიან მძიმე კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამ ომს შეეწირა მრავალი ღირსეული მამულიშვილი და ათასობით ჩვენი ქვეყნის მოქალაქე საკუთარ სამშობლოში იქცა დევნილად. მე მინდა, გულწრფელი სამძიმარი გამოვხატო ომში დაღუპულების ოჯახის წევრებისა და მათი ახლობლების მიმართ. გმირების ხსოვნა არასოდეს მიეცემა დავიწყებას და ჩვენ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად მშვიდობიანი პოლიტიკით აუცილებლად დავიბრუნებთ ერთმანეთს. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია, რასაც დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობიანი პოლიტიკით აუცილებლად მივაღწევთ”, – აღნიშნა გიორგი ურუშაძემ.