პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს მოუსმინეს. თეა წულუკიანმა სამინისტროს მიერ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის კუთხით ქვეყანაში განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და საზოგადოებას ის შედეგები და მიღწევები გააცნო, რასაც ქართველმა სპორტსმენებმა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა საანგარიშო პერიოდში მიაღწიეს. მინისტრმა დეპუტატებს იმ რეფორმებსა და საკადრო გადაწყვეტილებებზე, რომლებიც სამინისტროს საკურატორო სფეროებს განეკუთვნება, ინფორმაცია მიაწოდა და სამომავლოდ დაგეგმილ აქტივობებზეც ისაუბრა. თეა წულუკიანმა თავის გამოსვლაში ყურადღება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართ არსებულ მიდგომებზე გაამახვილა და სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გამოყო.
„ოპოზიციას, ვისაც საკუთარი ტელევიზიები აქვთ წივილ-კივილით დაპყრობილი, ვერ ეგუებიან, რომ სამინისტროში მიდგომები შეიცვალა. კულტურის სამინისტროში ბევრი რამ შეიცვალა, მაგალითად შეიცვალა ის, რომ მე რითაც ვარ ცნობილი, იმას ვაგრძელებ. მე ვერ ვიტან თხოვნებს, ვერ ვიტან ჩაწყობას. როდესაც ვხედავ, რომ ადამიანს რაღაც არ ეკუთვნის, მე ეს მაღიზიანებს თუნდაც ეს ადამიანი ჩემი სისხლი და ხორცი იყოს. დღეს მე ძალიან ბევრი ჩემი სისხლი და ხორცი განაწყენებული მყავს და მგონია, რომ ეს ძალიან კარგია. რატომ? იმიტომ, რომ ეს სამინისტრო არ არის ჩემი, ეს სამინისტრო სახელმწიფოსია და ეს სახელმწიფო ძლივს შეიქმნა. ამ სახელმწიფოს შექმნაში რომ ქართველი გოგონების სისხლიც დევს, რომელიც აქ, ამ სენობის წინ დაიღვარა, ჩვენ, ცოტა უფრო დიდ გოგოებს, ელემენტარული პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ წესიერად მოვიქცეთ და ამ წესიერად ქცევის მცდელობაში ვერავინ ხელს ვერ შემიშლის. მე არ მეშინია კრიტიკის, არ მეშინია ლანძღვის, მე არ ვარ თავშეკავებული. მე მესმის, რომ ნორმალური ადამიანები ლანძღვაზე ნერვიულობენ, მაგრამ მე ამაზე არ ვნერვიულობ და ამას ვამბობ ღიად. ამიტომ, ვინაიდან მე არ ვნერვიულობ და ამ მხრივ არ ვარ ნორმალური გთხოვთ, ნუ შეწუხდებით ჩემი ლანძღვისთვის. ვერაფერ შედეგს ეს ვერ მოიტანს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრის თქმით, წლების განმავლობაში კულტურის დარგების მიმართ არაერთი პრობლემა დაგროვდა და ამ ხნის მანძილზე „ქართულმა ოცნებამ“ სათანადოდ ვერ მოიცალა, თუმცა ახლა დადგა დრო, რათა ყველა ეს გამოწვევა დაძლეულ იქნეს.
„კიდევ ერთი წელი დამრჩა ამ თანამდებობაზე და ნამდვილად დადგება ის შედეგი, რაც მომავალ კულტურის მინისტრს უკეთესად და მშვიდად მუშაობის საშუალებას მისცემს“, – აღნიშნა მინისტრმა.
თეა წულუკიანის გამოსვლის შემდეგ „მინისტრის საათი“ დეპუტატების შეკითხვებით გაგრძელდა.