აღსაზრდელთა უსაფრთხოება, მათი მაღალი ხარისხის კვებით უზრუნველყოფა, უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ჩვენთვის

20/09/2023

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ „გაფანტული სკლეროზის“ პროგრამის ყველა მოსარგებლეს, სოციალური სტატუსის მიუხედავად, მედიკამენტები და კვლევები 100%-ით დაუფინანსდება. მისი თქმით, აღნიშნულ ცვლილებამდე, პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება სოციალურად დაუცველის სტატუსის არმქონე პირებს 80%-ით უფინანსდებოდათ.

„თბილისის მერიის „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამა ფართოვდება. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, აღნიშნულ ცვლილებამდე, პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას სოციალურად დაუცველის სტატუსის არმქონე პირებს 80%-ით უფინანსებდა, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს სრულად, 100%-ით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, პროგრამის ფარგლებში, ერთი მოქალაქის მედიკამენტებისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების დასაფინანსებლად, წელიწადში, დაახლოებით, 25 ათასი ლარია გათვალისწინებული.

„თბილისის მერიამ „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების“ პროგრამა 2021 წელს დაიწყო და თავდაპირველად, ორი სახეობის ძვირადღირებული მედიკამენტი ფინანსდებოდა. 2022 წელს კი მედიკამენტებს თავის ტვინის ან/და ხერხემლის და ზურგის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის დაფინანსება დაემატა. პროგრამის მოსარგებლეები 15-დან 60 წლის ასაკის ჩათვლით, თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები არიან. ერთი მოქალაქის მედიკამენტების და მაღალტექნოლოგიური კვლევების დასაფინანსებლად, წელიწადში 25 ათას ლარამდე თანხაა გათვალისწინებული. მინდა, გაწეული შრომისთვის მადლობა გადავუხადო ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს, გელა ჩივიაშვილს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ისაუბრა იმ მნიშვნელოვან სიახლეებზეც, რომლითაც თბილისის საჯარო საბავშვო ბაღები ახალ სასწავლო-სააღმზრდელო წელს შეხვდა. მისი თქმით, ბაგა-ბაღებში განხორციელდა სარემონტო-კეთილმოწყობის სამუშაოები, შენობები აღიჭურვა ახალი ტექნიკითა და ინვენტარით, პერსონალი კი გადამზადდა.

„აღსაზრდელთა უსაფრთხოება, მათი მაღალი ხარისხის კვებით უზრუნველყოფა, უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ჩვენთვის. ყველა საბავშვო ბაღში გვაქვს ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელი, შესაბამისი კალორაჟის, ჯანსაღი, უფასო კვება. ამ კუთხით, გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე: ზაფხულის არდადეგების პერიოდში 150-ზე მეტ საჯარო საბავშვო ბაღში სამზარეულოს ბლოკებში და სანიტარიულ-ჰიგიენურ წერტილებში ჩავატარეთ სარემონტო-კეთილმოწყობის სამუშაოები; აღვჭურვეთ საბავშვო ბაღები თანამედროვე სამზარეულოს ტექნიკით და ინვენტარით; განხორციელდა პერსონალის გადამზადება და სერტიფიცირება; თბილისის ყველა საჯარო საბავშვო ბაღში დავნერგეთ სურსათის უვნებლობისა და კვების უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემა HACCP (ჰასპი). ამ ღონისძიებების გატარების შემდეგ, გადავდივართ უსაფრთხოების უფრო მაღალ, საერთაშორისო სტანდარტებზე. HACCP-ი გახლავთ საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული წერტილების კონტროლის სისტემა, რომელიც საიმედოდ იცავს კვების უსაფრთხოებას საკვების მომზადებისა და მიწოდების ყველა ეტაპზე, უზრუნველყოფს სურსათის უვნებლობას ქიმიური, ბიოლოგიური და ფიზიკური საფრთხეებისგან, მათი წარმოქმნის პრევენციას და აღმოფხვრას საერთაშორისოდ აღიარებული რეკომენდაციების შესაბამისად. სისტემას აღიარებს როგორც აშშ და ევროკავშირი, ასევე, ჩვენი შიდა, ეროვნული კანონმდებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქი ახალ სასწავლო-სააღმზრდელო წელს სამი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღით შეხვდა, წლის ბოლომდე კი კიდევ ექვსი ბაღის მშენებლობა დასრულდება.

„გაიხსნა N130 საბავშვო ბაღი სამგორის რაიონში, N125 საბავშვო ბაღი ჩუღურეთის რაიონში და N108 საბავშვო ბაღი კრწანისის რაიონში. გარდა ამისა, წლის ბოლომდე დასრულდება კიდევ ექვსი საბავშვო ბაღის მშენებლობა და ეს ბაღებიც ეტაპობრივად შევა ექსპლუატაციაში. ახალი ბაღების მშენებლობა ემსახურება სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას და ამ მიმართულებით კიდევ არაერთი პროექტი განხორციელდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ამაყობს, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამედროვე ბაღებად გარდაქმნაში თავისი მცირე წვლილი მასაც აქვს შეტანილი.

„პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია, რომ ბაგა-ბაღები იყოს ყოველმხრივ მოწესრიგებული. ყველას გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო ბაღებში, ყველანაირი თვალსაზრისით – ინფრასტრუქტურის თუ კვების მიმართულებით. დღეს გვაქვს რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა. რა თქმა უნდა, ვამაყობ ამით, რადგან მე, როგორც ქალაქის მერს, პატარა წვლილი მაქვს შეტანილი ამ ყველაფერში, თუმცა, რა თქმა, ყველაზე დიდი დამსახურება აქვთ ჩემს თანაგუნდელებს და კონკრეტულად იმ ადამიანებს, ვინც უშუალოდ ამ მიმართულებით მუშაობს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ ქვეყანაში ელექტრომობილების გავრცელებისა და შემოყვანის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერიამ დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, 20 ელექტროდამტენი დაამონტაჟა.

„თბილისში 80 ლოკაციაზე ელექტრომობილების მფლობელებს შეუძლიათ, უფასოდ დატენონ ავტომობილები. ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავცდენოდით დედაქალაქის საზღვრებს და განვახორციელეთ კარგი პროექტი. 20 ელექტროდამტენი უკვე დამონტაჟდა და ფუნქციონირებს ოთხ ადგილზე. კერძოდ, ჩქაროსნული მაგისტრალის თერჯოლა-ზესტაფონის მონაკვეთზე, გზის ორივე მხარეს ორი სადგური ექვს-ექვსი დამტენით; ერთი სადგური ერთი დამტენით გორის მიმდებარედ, ჩქაროსნული მაგისტრალის დასავლეთის მიმართულებით; ერთი სადგური, ოთხი დამტენით, ავტომაგისტრალზე ქალაქ ბორჯომის ტერიტორიაზე, ბორჯომი-ბაკურიანი-ახალციხის მიმართულებით. აღნიშნული პროექტი „ვისოლ ჯგუფთან“ ერთად განვახორციელეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, თბილისში სწრაფი ელექტროდამტენების სადგურების მოწყობა იგეგმება.

„თბილისში ვაპირებთ სწრაფი დამტენების მოწყობის პროექტის განხორციელებას. ბენზინგასამართი სადგურების მსგავსად, გაჩნდება სივრცე, თანამედროვე ინფრასტრუქტურით, სადაც სწრაფი ელექტროდამტენები იქნება განთავსებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ქალაქში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ კრწანისის რაიონში, აბანოთუბნიდან პეტრე ბაგრატიონის ძეგლამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ვრცელი რეკრეაციული სივრცის მოწყობის იდეაზე მუშაობა მიმდინარეობს. მისი განმარტებით, თბილისის განვითარების ფონდი შეისწავლის აღნიშნული მონაკვეთის განვითარების კონცეფციას, რომელიც გეოლოგიურ და დენდროლოგიურ კვლევებს მოიცავს.

„არაერთხელ გვისაუბრია კრწანისის რაიონში, გორგასლის ქუჩაზე, აბანოთუბნიდან პეტრე ბაგრატიონის ძეგლამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ვრცელი რეკრეაციული სივრცის მოწყობის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. გვინდა, სადაც ახლა მანქანები გადაადგილდებიან, აღნიშნული მონაკვეთი გვირაბის სახით, ქვემოთ ჩავიტანოთ, ზემოთ კი, სადაც საავტომობილო გზაა, მოვაწყოთ რეკრეაციული სივრცე. როდესაც ამ პროექტზე მუშაობა დავიწყეთ, ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა ტერიტორიაზე არსებულ ხეებთან დაკავშირებით. ეს არის გზაგამყოფი ზოლი, სადაც უზარმაზარი ხეები დგას, რაც ძალიან ლამაზია. ის პროექტი, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ, საჭიროებს დამატებით კვლევებს, რომ ეს ხეები შევინარჩუნოთ. თბილისის განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, შეისწავლის აბანოთუბნიდან ბაგრატიონის ძეგლამდე არსებული მონაკვეთის რეკრეაციული ფუნქციით განვითარების კონცეფციას, რომელიც მოიცავს გეოლოგიურ და დენდროლოგიურ კვლევებს. ასევე, მიმდინარეობს გარემოს შესწავლა შემოთავაზებული პროექტის მინიმალური ჩარევით განხორციელებისთვის“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, კვლევების შედეგად დადგინდება, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე რამდენად შესაძლებელი იქნება აღნიშნული იდეის განხორციელება.

„კვლევაში ჩართული არიან ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის სპეციალისტები, დენდროლოგი, ინჟინერი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ქართველი და უცხოელი სპეციალისტები. მინდა, აზიის განვითარების ბანკს მადლობა გადავუხადოთ თანამშრომლობისთვის. ეს ძალიან მასშტაბური პროექტია. კვლევების შედეგად, გაკეთდება სრული ანალიზი, თუ რამდენად იქნება შესაძლებელი არსებული ხეების შენარჩუნება და პროექტის ისე განხორციელება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ყურადღება ახალ კანონპროექტზეც გაამახვილა, რომელიც დასამტკიცებლად, საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება. კერძოდ, მუნიციპალიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებარე ობიექტების კონსერვაციის წესის დარღვევით მიტოვებისთვის ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს.
მისი თქმით, უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობები დიდ პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში.

„წინა მთავრობის სხდომაზე ვისაუბრე უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოებ მშენებლობებთან დაკავშირებით და მაშინ ვთქვი, რომ კიდევ უფრო მეტი პრევენციისთვის ჯარიმების გაზრდის ინიციატივით მივმართავდით პარლამენტს. არის შემთხვევები, როცა კონკრეტული პირები იღებენ მშენებლობის ნებართვას, იწყებენ მშენებლობას, თუმცა შემდგომ გარკვეული მიზეზების გამო ვერ აგრძელებენ სამშენებლო პროცესს. ასეთი ობიექტები იერსახის თვალსაზრისითაც ძალიან ცუდია და ირგვლივ მცხოვრები ადამიანებისთვისაც დიდ დისკომფორტს წარმოადგენს. შესაბამისად, გვინდა, რომ ეს ყველაფერი დავარეგულიროთ, მოვაწესრიგოთ. კონსერვაციას აქვს თავისი წესები“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ წარმოადგინა ისეთი მშენებლობების ფოტომასალა, სადაც კონსერვაციის წესები ნაწილობრივ ან საერთოდ არაა დაცული. მისივე თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციების გამკაცრებას. კერძოდ, I და II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას ჯარიმა 5 000 ლარის ნაცვლად, იქნება 15 000 ლარი; III და IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას ჯარიმა 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 100 000 ლარი.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებითაც საჭიროა სანქციების გამკაცრება. შესაბამისად, მოვამზადეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებარე ობიექტების კონსერვაციის წესის დარღვევით მიტოვებისთვის ჯარიმების გაზრდას – I და II კლასის შემთხვევაში 3-ჯერ, ხოლო III და IV კლასის შემთხვევაში 5-ჯერ.

კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით: კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მშენებლობის ექვს თვეზე მეტი ვადით კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება:
I და II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას ჯარიმა 5 000 ლარის ნაცვლად, იქნება 15 000 ლარი;
III და IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას ჯარიმა 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 100 000 ლარი.
ჩვენ ამ კანონპროექტსაც გადავუგზავნით პარლამენტს და დიდი იმედი გვაქვს, ისინი აღნიშნულ ინიციატივას მხარს დაუჭერენ. პროექტის მიზანი, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უკანონო მშენებლობების მაქსიმალურად აღკვეთა, ხელის შეშლა და მისი სახით, ერთგვარი პრევენციული მექანიზმის შემოღებაა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

გარდა ამისა, კახა კალაძემ შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და ყოველდღიური საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს „თბილსერვის ჯგუფის“ პროფესიული დღეა. მინდა, მივულოცო თითოეულ თანამშრომელს, რომელთა ყოველდღიურ, 24-საათიან შრომაზე დგას თბილისი. სწორედ მათი პროფესიონალიზმია ჩვენი ქალაქის სისუფთავის, სინათლისა და კიდევ ბევრი სხვა სიკეთის საწინდარი. თბილისელებს კი ვთხოვ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, პატივი ვცეთ იმ ადამიანთა შრომას, ვინც უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებს ჩვენი ქალაქისთვის. კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ და მადლობას ვუხდი იმ შრომისთვის, საქმიანობისთვის, რასაც ჩვენი ქალაქისთვის გულწრფელად აკეთებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თბილისის მერიის მიერ დაარსებული კონკურსის – „შემოქმედებითი თბილისი“ მეორე ეტაპისთვის განაცხადების მიღება იწყება.

„აღსანიშნავია, რომ კონკურსის დაარსებიდან ოთხი წლის განმავლობაში, შემოქმედებითი ინდუსტრიების სხვადასხვა სფეროში საკმაოდ ბევრი საინტერესო პროექტი დაფინანსდა. კონკურსი სამი მიმართულებით ცხადდება – საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მეწარმე ფიზიკურ პირს. „შემოქმედებით თბილისში“ მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა“- აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, განაცხადების ატვირთვა და დამატებითი ინფორმაციის მიღება მსურველებს 20 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილ ვებგვერდზე – www.culture.tbilisi.gov.ge. კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიამ, საქართველოს რაგბის კავშირის მომართვის საფუძველზე, რაგბის 23 გუნდისთვის 4 550 ერთეული სხვადასხვა სახეობის სპორტული ინვენტარი შეისყიდა.

„დედაქალაქში მოზარდებისა და ბავშვების არაერთი სარაგბო კლუბი ფუნქციონირებს. კლუბების ეფექტურად და გამართულად ფუნქციონირებისთვის, საჭიროა ინვენტარის მუდმივი განახლება და შევსება. 6-14 წლის ასაკი არის ბავშვებისთვის და ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის უნარების შეძენისა და განვითარების უმნიშვნელოვანესი პერიოდი. კარგი ინვენტარი და შესაბამისი საწვრთნელი გარემო მომავალ წლებში კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდა სპორტსმენს გაუხსნის გზას ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს საბავშვო ფესტივალებში, მოზარდ მორაგბეთა ადგილობრივ და საერთაშორისო ტურნირებზე სპორტული შედეგების გაუმჯობესებას.

„იცით ჩემი დამოკიდებულება სპორტში ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩართულობასთან დაკავშირებით. ყოველთვის მხარს დავუჭერ ამ პროცესს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით, ბევრი პროექტი განხორციელდა, რაც რაგბის შედეგებზეც აისახა, რადგან ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საუბრის დასასრულს, დედაქალაქის მერმა „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომელიც 30 სექტემბერსა და პირველ ოქტომბერს გაიმართება. მისივე თქმით, ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიება გაიმართება, 30 სექტემბერს, 20:00 საათზე კი თბილისის საპატიო მოქალაქეებს დააჯილდოებენ.

„ტრადიციულად, წელსაც დედაქალაქი „თბილისობას“ აღნიშნავს. 30 სექტემბერს და 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში, აბანოთუბანში და ორბელიანის მოედანზე, 12:00-დან 22:00 საათამდე სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიება გაიმართება. 30 სექტემბერს, 20:00 საათზე კი სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია, რომლის ოფიციალური ნაწილის დასრულებისთანავე დაიწყება საზეიმო კონცერტი. ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცემა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი განცხადებით, უახლოეს დღეებში მუნიციპალიტეტი საზოგადოებას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას „თბილისობის“ პროგრამასთან დაკავშირებით.

„რამდენიმე დღეში თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს გავაცნობთ უფრო დეტალურ ორდღიან პროგრამას, სად რა კონცერტი გაიმართება. ბევრ სტუმარს ველოდებით. ვიცი, რომ ბევრი თბილისელი და ასევე, რეგიონებში მცხოვრებლები ელოდებიან „თბილისობის“ დღესასწაულს. წელსაც გვექნება შესაძლებლობა, ერთად ვიზეიმოთ ჩვენი ქალაქის დღე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0