შალვა პაპუაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

04/09/2023

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტის – ქნესეთის თავმჯდომარე ამირ ოჰანას შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართველ და ებრაელ ხალხს შორის ისტორიულად მჭიდრო კავშირებს. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა საპარლამენტო დონეზე, ასევე, ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურისა და უსაფრთხოების მიმართულებებით. აღინიშნა, რომ მზარდია ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრების ნაყოფიერ ვიზიტებზე ისრაელის სახელმწიფოში. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საპარლამენტო თანამშრომლობა, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფების დონეზე. მხარეებმა გამოხატეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირების შემდგომი გაძლიერების მზაობა, მათ შორის, კომიტეტების დონეზე. ყურადღება, აგრეთვე, გამახვილდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობაზე, რომლის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება მომავალ წელს იგეგმება. ამირ ოჰანამ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ისრაელის სახელმწიფოს მხარდაჭერა. მან აღნიშნა, რომ მზად არის ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას და შალვა პაპუაშვილი ისრაელის სახელმწიფოში მიიწვია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0