საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, აკვაკულტურის დარგში არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები ქობულეთში, თევზის მწარმოებელ ფერმერებთან სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. ღონისძიება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსა და სამოქალაქო კომიტეტის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის „ფორეჯი“ ინიციატივით გაიმართა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე ესწრებოდნენ.
„ქვეყანაში აკვაკულტურის განვითარება და ამ მიმართულებით საქმიანობის გააქტიურება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. უკვე მივიღეთ კანონი აკვაკულტურის შესახებ და შევიმუშავეთ ნორმატიული ბაზა, რაც ხელს შეუწყობს დარგის ეფექტიან განვითარებას. ქვეყანას აქვს რესურსი როგორც მტკნარი წყლის, ასევე საზღვაო სივრცეში აკვაკულტურის განვითარების. უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების და თვითუზრუნველყოფის კუთხით, აკვაკულტურას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს, ამასთან მას კარგი საექსპორტო პოტენციალიც გააჩნია“, – აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.
როგორც შეხვედრაზე აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ზაზა შავაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებებსა და დარგობრივ ფერმერებს შორის აქტიური კომუნიკაცია, რათა ზუსტად მოხდეს აკვაკულტურის დარგში არსებული საჭიროებების იდენტიფიცირება, პოტენციალის განსაზღვრა და არსებული გამოწვევების დაძლევისთვის, ეფექტიანი ღონისძიებების შემუშავება. ეს მნიშვნელოვნად წაადგება ქვეყანაში აკვაკულტურის მდგრად განვითარებას.
შეხვედრაზე დარგში არსებული საკანონმდებლო სიახლეები, აკვაკულტურის განვითარების პერსპექტივები და გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყანაში აკვაკულტურის დარგის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისთვის, ყველა ჩართული მხარის (სახელმწიფო, კერძო სექტორი და ბიზნესი) აქტიური თანამშრომლობის და დარგის განვითარების ერთიანი ხედვის ჩამოყალიბების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველოში აკვაკულტურას განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია და დარგის სწრაფი განვითარებისა და ეკონომიკური საქმიანობის სტიმულირებისთვის, მისი მაქსიმალურად გამოყენება უნდა მოხდეს. შეხვედრას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები და რეგიონის თევზის მწარმოებელი ფერმერები ესწრებოდნენ.