დედაქალაქის მერმა ახლად რეაბილიტირებული „მშვიდობის ხიდი“ დაათვალიერა

14/08/2023

ახლად რეაბილიტირებული „მშვიდობის ხიდი” დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. მისი თქმით, ხიდი ქვეითებისთვის დღესდღეობით სრულებით უსაფრთხოა. უახლოეს პერიოდში „მშვიდობის ხიდზე“ გარე განათების ქსელის განახლება იგეგმება.

„სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. ხიდი იყო ავარიულ მდგომარეობაში და ამის დასკვნაც არსებობდა – საჭიროებდა შესაბამისი სამუშაოების წარმოებას. ამ პროექტის ფარგლებში საყრდენი ბურჯები მთლიანად განახლებულია. ბაგირების არასწორი დაჭიმვის გამო, ხშირად იმტვრეოდა მინის მოაჯირები. აღნიშნულ სამუშაოებში ჩართული გვყავდა უცხოელი სპეციალისტები, ვინც თავიდანვე მუშაობდა ამ ხიდის დაპროექტებაზე, ხოლო შემდეგ პროექტის განხორციელებაზე. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ხიდი ქვეითად მოსიარულეთათვის ყველანაირად უსაფრთხოა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რეაბილიტაციის შედეგებს ასევე გაეცნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ლევან ჯაფარიძე და კახა ლაბუჩიძე, კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია. პროექტის ფარგლებში 200 მეტრამდე სიგრძის საფეხმავლო ხიდის დაზიანებული უბნების აღდგენა-გაძლიერების სამუშაოები განხორციელდა. გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხიდის საკიდებს, აღდგა სავალ ნაწილზე არსებული დეფორმირებული კიბეები და ხიდის მარცხენა სანაპიროზე არსებული დაზიანებული ბურჯი. „მშვიდობის ხიდის“ რეაბილიტაციის პროექტისთვის, რომელიც ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 400 000 ლარი დაიხარჯა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0