უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა აბაშის მუნიციპალიტეტში. სამიქაო-მაიდნის, სუჯუნის, ზანათის, წყემის, ონტოფოს, ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სახნავ-სათესი სავარგულები. ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა საცხოვრებელ სახლებს. სოფელ საბოკუჩაოში რამდენიმე ოჯახის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა გახდა საჭირო. ასევე, დატბორილია ქალაქის ტერიტორიაზე ცალკეული უბნები. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, ელენერგია არ მიეწოდება გეზათს, სეფიეთს, ონტოფოს, საბოკუჩაოს. ადიდდა და ნაპირებიდან გადმოვიდა მდინარეები: კოვზა, ცხ. წყალი, აბაშა. არსებობს საფრთხე გადმოვიდეს მდ. რიონი. ადიდებულმა მდინარე აბაშამ, ზანათში, ახობაძეების უბანში გაარღვია დამბა და დატბორა მიმდებარე ტერიტორია.
სტიქიის ადგილზე იმყოფებიან აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, მოადგილე, გიგა ჯვარელია. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა აბაშის მუნიციპალიტეტში
10/07/2023