პრემიერ-მინისტრმა „ჯარის ბანაკი“ გახსნა

03/07/2023

„მოგესალმებით ყველას, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. მინდა განსაკუთრებული პატივისცემით მივესალმო ჩვენს საამაყო ახალგაზრდობას, ჩვენს ჯარს, ჩვენს სამხედროებს, ჩვენი საპატრიარქოს წარმომადგენლებს მინდა მივესალმო დიდი პატივისცემით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დავიწყეთ მასშტაბური პროექტი, „ჯარის ბანაკის” პროექტი, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან ბევრ ახალგაზრდას, ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას დააინტერესებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორში განაცხადა, სადაც თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტის – „ჯარის ბანაკის” გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჯარის ბანაკი ხელს შეუწყობს ჩვენს ახალგაზრდებში ჯანსაღი, სწორი ღირებულებების პოპულარიზაციას. პრემიერ-მინისტრის თქმით, ახალგაზრდებს სჭირდებათ თავიდანვე სწორი ორიენტირების განსაზღვრა.

„მოგესალმებით ყველას, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. მინდა განსაკუთრებული პატივისცემით მივესალმო ჩვენს საამაყო ახალგაზრდობას, ჩვენს ჯარს, ჩვენს სამხედროებს, ჩვენი საპატრიარქოს წარმომადგენლებს მინდა მივესალმო დიდი პატივისცემით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დავიწყეთ მასშტაბური პროექტი, „ჯარის ბანაკის” პროექტი, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან ბევრ ახალგაზრდას, ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას დააინტერესებს. ამ პროექტის მიმართ ინტერესი თავიდანვე ძალიან მაღალი იყო, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა. ეს პროექტი ხორციელდება ორი სამინისტროს ჩართულობით, თავდაცვისა და განათლების სამინისტროების ჩართულობით. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყება. მოგეხსენებათ, რომ ეს ბანაკი წელს პირველად იმართება, ჩვენ დავიწყეთ უკვე ერთი კვირის წინ, დაახლოებით. სულ, ჯამში, 800 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას ამ ბანაკში, თითო როტაციაში 100 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას, დაახლოებით, და აგვისტოს ბოლოს დასრულდება აღნიშნული პროექტი. მინდა რამდენიმე სიტყვით მოგმართოთ, ჩემო ძვირფასო ახალგაზრდებო. ჯარის მნიშვნელობა და, ზოგადად, ჩვენი საამაყო ჯარის როლი ჩვენი საზოგადოების განვითარების საქმეში ძალიან დიდია. მიმაჩნია, რომ აუცილებელია ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობა თავიდანვე, – სკოლებიდან, ბაღებშიც უნდა შევიტანოთ სწავლება, მეტი ინფორმაცია უნდა შევიტანოთ, რომ გაიზარდოს ინფორმირებულობა და ცნობიერება ამაღლდეს ახალგაზრდებში. გაიგონ თავად, თუ როგორ იმართება ჯარი, თავად გექნებათ თქვენ ეს უნიკალური შანსი, რომ გაეცნოთ სამხედრო საქმიანობას, მიიღოთ მონაწილეობა. ამით ჩვენ ხელს შევუწყობთ, ერთი მხრივ, ზოგადად ინტერესის გაზრდას ჯარის მიმართ. თქვენ პირადად შეხვდებით ჩვენი ომების მონაწილე გმირ ჯარისკაცებს, ცოცხალ გმირებს შეხვდებით, რომლებიც თავად მოგიყვებიან ჩვენი ჯარის საგმირო საქმეებს, არა მხოლოდ ჩვენს წარსულში ჩადენილ საგმირო საქმეებს, არამედ ჩვენს აწმყოში, რამდენიმე წლის წინ მომხდარ საგმირო საქმეებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ჯარის ბანაკი ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას, მონაწილეობა მიიღონ ბევრ საინტერესო საქმიანობაში, გაეცნობიან სამხედრო საქმეს, გაივლიან გარკვეულ ტრენინგებს.
მთავრობის მეთაურმა ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაზრდის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„მე მიმაჩნია, რომ ეს ბანაკი ხელს შეუწყობს ჩვენს ახალგაზრდებში ჯანსაღი, სწორი ღირებულებების პოპულარიზაციას. დღევანდელ მსოფლიოში, და დღეს, ბუნებრივია, საქართველო არის ამ გლობალიზაციის ნაწილი, ძალიან ბევრი საცდური არის ჩვენი ახალგაზრდებისთვის. ამიტომ, ახალგაზრდებს სჭირდებათ თავიდანვე სწორი ორიენტირების განსაზღვრა. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ჩვენი, სახელმწიფოს როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, თავდაპირველად ოჯახი და შემდეგ სახელმწიფო. ვინაიდან თქვენ დიდ დროს უთმობთ სკოლაში ყოფნას, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის განათლების სამინისტროს ჩართულობა და მათი როლი, თავიდანვე, პირველივე დღეებიდან მათი ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამას გარდა, მიმაჩნია, რომ ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სწორი ღირებულებების, ოჯახის ღირებულებების პოპულარიზაცია უნდა დავიწყოთ ბაღებიდან, სკოლებიდან. ჩვენ უკვე რამდენიმე ხნის წინ შევიტანეთ სამხედრო სწავლება, თავდაცვა და უსაფრთხოება სკოლებში, რაც, მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. დღითი დღე იზრდება ინტერესი. მე ვიცი გადმოცემით ძალიან ბევრი მოსწავლისგან, რომ ინტერესი არის ძალიან დიდი და ჩვენ ეს პროექტი უნდა გავაფართოოთ. ეტაპობრივად უნდა შევიდეთ ყველა სკოლაში და ბაღებშიც აუცილებელია ამ ელემენტის შეტანა. ასევე, რატომ არის მნიშვნელოვანი დღევანდელი დღე და ჯარის ბანაკის მნიშვნელობაც, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო. ჩვენ, სწორედ, როგორც აღვნიშნე, სწორი ორიენტირები უნდა განვუსაზღვროთ ჩვენს მომავალ თაობას. მიმაჩნია, რომ ეს პროექტი და ამ ბანაკში თქვენი ჩართულობა გარდა იმისა, რომ თქვენ მოგცემთ საშუალებას, თავად მიიღოთ მონაწილეობა ძალიან ბევრ საინტერესო საქმიანობაში, სამხედრო საქმეს გაეცნოთ, მათ შორის, ალბათ, საცეცხლე მომზადებაშიც მიიღებთ მონაწილეობას, გარკვეულ ტრენინგებს გაივლით, ამას გარდა, მნიშვნელოვანია გავზარდოთ ზოგადად პატრიოტული სულისკვეთება ჩვენს ახალგაზრდებში. მეტი ინფორმაციაა საჭირო ამისთვის. უნდა ვაჩვენოთ განსხვავება ჩვენს ახალგაზრდებს და მიმაჩნია, რომ, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ოჯახის როლი, არამედ განათლების სამინისტროს, ჯარის, ეკლესიის როლი თქვენს აღზრდაში, თქვენთვის სწორი ორიენტირების განსაზღვრაში არის მნიშვნელოვანი. მე კიდევ ერთხელ, მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი ინტერესისთვის, თქვენი მონაწილეობისთვის ჯარის ბანაკში. მე მიმაჩნია, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი. ჩვენ ეს პროექტი უნდა გავაფართოოთ. წელს დავიწყეთ 800 მოსწავლით, მაგრამ მიმაჩნია, რომ რამდენიმე ათასი ახალგაზრდა უნდა მოვიყვანოთ ჯარში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის ახალი კოდექსის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელსაც პარლამენტი უახლოეს დღეებში დაამტკიცებს.

„ასევე, მინდა რამდენიმე სიტყვით გითხრათ, რომ ჩვენ შევიმუშავეთ ძალიან კარგი თავდაცვის ახალი კოდექსი, რომელსაც პარლამენტი უახლოეს დღეებში დაამტკიცებს, მიიღებს. ჩვენ დავარეგულირეთ, მათ შორის, წვევამდელთა სამსახურის ახალი პირობები, რომელიც ძალიან მოქნილი იქნება, ძალიან პოპულარული იქნება ახალგაზრდებში. მინიმუმ 6-თვიანი პროგრამები იქნება, ასევე იქნება 8-თვიანი, 10-თვიანი, 11-თვიანი, იმის მიხედვით, ვის რა ინტერესი აქვს. ასევე, სტუდენტებისთვის მოვიფიქრეთ ახალი გამოსავალი, რაც გულისხმობს შემდეგს, რომ სტუდენტი, რომელიც ჩაერთვება ამ ახალ პროგრამაში და წელიწადში 1 თვეს დაჰყოფს, გაატარებს დროს, მიიღებს მონაწილეობას ჯარში, 4 წლის თავზე, 4 თვის დასრულების შემდეგ, მას ჩაეთვლება სამხედრო სამსახური მოხდილად. ეს მინდოდა მეთქვა თქვენთვის. მინდა ყველა ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის მომზადებაში, ბატონ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს, ბატონ გიორგი ამილახვარს, ჩვენს სამხედროებს, ყველას მადლობა გადავუხადო, ჩვენს საპატრიარქოს მინდა მადლობა გადავუხადო. ვიცი, რომ ძალიან საინტერესო დისკუსიები გაიმართება ყოველ საღამოს. მეც, თუ დამპატიჟებთ, სიამოვნებით ჩავერთვები. მიმაჩნია, რომ აუცილებელია დისკუსია გაიმართოს, ნებისმიერ კითხვაზე უნდა გაეცეს პასუხი ჩვენს ახალგაზრდობას. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ პროექტის დაწყებას და გისურვებთ წარმატებებს. თქვენ გეკუთვნით ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მომავალი. ჩვენი მომავალია თქვენს ხელში, ამიტომ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ ხელი შეგიწყოთ მაქსიმალურად თქვენს სწორ განვითარებაში, სწორ აღზრდაში და, რაც მთავარია, თქვენი მიზნების მიღწევაში. დიდი მადლობა,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია მთელი ზაფხულის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს ახალ პროექტს – „ჯარის ბანაკს” მასპინძლობს. საპილოტე საზაფხულო ბანაკის მონაწილეები იმ სკოლების მოსწავლეები არიან, რომლებშიც წელს საგნები „თავდაცვა და უსაფრთხოება” და „სამხედრო საქმე” ისწავლებოდა. დღეს „ჯარის ბანაკი” საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე სახელმწიფო დროშის აღმართვით ოფიციალურად გაიხსნა. საზაფხულო ბანაკში მყოფ ბავშვებსა და მათ სერჟანტ-ინსტრუქტორებს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მიესალმნენ და ახალგაზრდა თაობისთვის მსგავსი სახის პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. ირაკლი ღარიბაშვილი კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში „ჯარის ბანაკის” მონაწილე ახალგაზრდებისთვის შექმნილ სასწავლო და საცხოვრებელ პირობებს გაეცნო. მთავრობის მეთაურმა თავდაცვის და განათლებისა და მეცნიერების მინისტრებთან ერთად დაათვალიერა სასადილო და საცხოვრებელი კორპუსი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0