იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ცესკოს წევრობისა და ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის, მათი პარლამენტისთვის წარდგენისა და არჩევის პროცედურებს ეხება, საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა. მოტივირებულ შენიშვნებში მოცემული ვერსიის თანახმად: ერთი მხრივ, ცესკოს თავმჯდომარისა და შვიდი წევრის არჩევის მიზნით, საკონკურსო კომისიის შექმნისა და კანდიდატთა შერჩევა/წარდგენის პროცედურა პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში დარჩება, როგორც ამას ორგანული კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს. მეორე მხრივ, პარლამენტისთვის ასარჩევად დადგენილი ორმესამედიანი უმრავლესობა, უნდა შემცირდეს პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობამდე. პრეზიდენტის პროექტის თანახმად, თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეული იქნება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში – 6 თვე.
კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მხარის არ დაჭერის მთავარი არგუმენტაცია მდგომარეობს იმაში, რომ კომიტეტისთვის არ იქნა წარდგენილი საუკეთესო ევროპული მიდგომა, ვერ იქნა დასახელებული თუ რომელ მიდგომას ეფუძნება ე.წ მოტივირებული შენიშვნები და ვერ იქნა ახსნილი რატომ ექვსი თვე და რატომ სხვა ვადა არა. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნების განხილვის პროცედურის დასრულების შემდეგ, კომიტეტის წევრებმა, კენჭისყრით, კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირეს პარლამენტის მიერ მიმდინარე წლის ივნისში საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს. აღნიშნული ცვლილებების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე. კომისიის შემადგენლობაში იქნება ცხრა წევრი და ის დაკომპლექტებული იქნება პრეზიდენტის ერთი წარმომადგენელისა და სამოქალაქო სექტორისა და აკადემიური წრეების რვა წარმომადგენლისგან. ცვლილებების მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ამავდროულად, გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატურების წარდგენის პროცესში, თუ საქართველოს პარლამენტი პირველივე ჯერზე ვერ შეძლებს ვაკანტურ თანამდებობებზე პირთა არჩევას. ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრები აირჩევიან 5 წლის ვადით პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა
03/07/2023