საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ინტერაქტიული პორტალის – სოფლის მეურნეობის სტატისტიკის პორტალის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციებზე შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა და USDA-ს წარმომადგენელმა საქართველოში დემნა ძირკვაძემ მიმართეს. გოგიტა თოდრაძის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სტატისტიკის პორტალი მომხმარებელს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში მიიღოს საქსტატში არსებული ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სტატისტიკისა და სასურსათო ბალანსების შესახებ.
პორტალი საქსტატში, აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა. პორტალზე, მარტივად აღსაქმელი ფორმით თავმოყრილია სტატისტიკური ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სტატისტიკის შესახებ. ის მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, ერთ სივრცეში, ინტერაქტიული გრაფიკების და ვიზუალიზაციის თანამედროვე ელემენტების მეშვეობით მოახდინოს სოფლის მეურნეობის სტატისტიკის მონაცემთა ანალიზი.
პორტალი ხუთი მოდულისგან შედგება: მემცენარეობა, მეცხოველეობა, აკვაკულტურა, სასურსათო ბალანსები და ზოგადი ინფორმაცია. პირველი მოდული – მემცენარეობა – მოიცავს ინფორმაციას მემცენარეობის კულტურების (მრავალწლოვანი, ერთწლიანი) წარმოების, ნათესი ფართობის, საშუალო მოსავლიანობისა და ფერმის კართან ფასების შესახებ, კულტურებისა და წლების მიხედვით. მეორე მოდულში – მეცხოველეობა – წარმოდგენილია ინფორმაცია პირუტყვისა და ფრინველის სულადობის, ფუტკრის ოჯახების რაოდენობის, მეცხოველეობის პროდუქციის წარმოების, ნამატისა და დაცემის შესახებ წლების მიხედვით. მესამე მოდულში – აკვაკულტურა – მომხმარებელი მიიღებს ინფორმაციას აკვაკულტურით დაკავებულ მეურნეობებში თევზის წარმოების, წყალსატევებში არსებული თევზის, რეალიზებული თევზის წილისა და ფერმის კართან ფასების შესახებ, თევზის ცალკეული სახეობებისა და წლების მიხედვით. მეოთხე მოდული – სასურსათო ბალანსები – შეიცავს ინფორმაციას ისეთი ცალკეული მნიშვნელოვანი პროდუქტების შესახებ, როგორიცაა: ხორბალი, სიმინდი, კარტოფილი, ბოსტნეული და სხვა. სასურსათო ბალანსის განყოფილებაში წარმოდგენილია ინფორმაცია აღნიშნული პროდუქტების რესურსების, მათი გამოყენების, წლიური მოხმარების და თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტის შესახებ. ხოლო მეხუთე მოდულში – ზოგადი ინფორმაცია – წარმოდგენილია სოფლის მეურნეობის სტატისტიკური მაჩვენებლები, რომელიც დაკავშირებულია ბიზნეს სექტორთან, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან, ფასებთან, გენდერულ სტატისტიკასთან, ეროვნულ ანგარიშებთან, ხელფასებსა და დასაქმებასთან. საქსტატის მიზანია აწარმოოს და საზოგადოებას შესთავაზოს მაღალი ხარისხის მონაცემები ისეთი ფორმით, რომელიც აადვილებს მის გამოყენებას და გააუმჯობესებს დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებს ნებისმიერ დონეზე.
სოფლის მეურნეობის სტატისტიკის პორტალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://agriculture.geostat.ge/
სოფლის მეურნეობის სტატისტიკის პორტალის პრეზენტაცია გამართა
28/06/2023