მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე მოგზაურობა ღამით, 3D განათებების ფონზე, უკვე შესაძლებელია

11/06/2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე მოწყობილი ღამის 3D განათებები დაათვალიერა. მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულები ზვიად შალამბერიძე და გიორგი გუგუჩია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი. პირველად საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე მოგზაურობა ღამის საათებშიც ხდება შესაძლებელი. ეკომეგობრული, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი 3D განათების სისტემა, ზიანს არ აყენებს გარემოს და, ამავდროულად, მოგზაურობას კიდევ უფრო სანახაობრივს ხდის.

„დაცული ტერიტორიების გაფართოება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. შარშან,დაახლოებით 120 000 ჰექტრით გავზარდეთ დაცული ტერიტორიების ფართობი. ეს მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ბუნების დაცვის და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის, ასევე, ტურისტული მიმართულების განვითარებისთვის. გასულ წელს, ჩვენს დაცულ ტერიტორიებს დაახლოებით 900 000 ვიზიტორი ეწვია, მიმდინარე წელს კი, 5 თვის განმავლობაში, გასულ წელთან შედარებით, 50%-ით არის გაზრდილი ვიზიტორთა რაოდენობა. მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტორებს დავახვედროთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რისთვისაც არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. ამჟამად მიმდინარეობს დაახლოებით 1200 კმ საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება. გასულ წელს დავიწყეთ მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერის 3D განათების პროექტი, რაც უკვე დასრულდა და ვიზიტორებს უკვე საშუალება აქვთ, ღამის საათებში დაათვალიერონ ძალიან ლამაზი სანახაობა“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

აღსანიშნავია, რომ დღეიდან მომდევნო 1 კვირის განმავლობაში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მკვიდრი მოსახლეობა მარტვილის კანიონზე, ხოლო ხონის მუნიციპალიტეტის მკვიდრი მოსახლეობა ოკაცეს ჩანჩქერზე უფასოდ შეძლებს იმოგზაუროს 3D განათების ფონზე. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუდმივად ზრუნავს დაცული ტერიტორიების განვითარებაზე, მიმდინარე წელს, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე, ეკოტურიზმის განვითარებისთვის, 22.5 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განხორციელდება. აღნიშნულის ფარგლებში მოეწყო მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე 3D განათების სისტემები, რომლის საერთო ბიუჯეტმაც 4 მილიონი ლარი შეადგინა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0