თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი მე-15 საიუბილეო სეზონისთვის ემზადება

06/06/2023

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის 2023 წლის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც თბილისის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილე მაკა ნასრაშვილი დაესწრო. დედაქალაქის მერიის მიერ დაფუძნებული თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 22 სექტემბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება, რომელსაც პოლონეთის, ლატვიის, ესპანეთის, ბელგიის, გერმანიის, უკრაინის დასი ეწვევა და ქართული თეატრის სცენაზე ერთმანეთისგან განსხვავებულ, საინტერესო ფორმის წარმოდგენებს გამართავს.
წელს ფესტივალი უმასპინძლებს ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან: ჯონ მალკოვიჩი, ინგებორგა დაპკუნაიტე, ნინო ხარატიშვილი, ლუკაშ ტვარკოვსკი და სხვა. ფესტივალის პროგრამა შედგება სამი ნაწილისგან: საერთაშორისო პროგრამა 30 სექტემბერი – 18 ოქტომბერი; ქართული სპექტაკლების პროგრამა – 22 სექტემბერი – 27 ოქტომბერი და ვორქშოპები, ტრეინენგები, დისკუსია პროფესიონალებთან. ფესტივალის საერთაშორისო პროგრამა 30 სექტემბერს სტუდია Theatregallery-ის სპექტაკლით – „თანამშრომლები“ იხსნება, რომლის რეჟისორიც ლუკაშ ტვარკოვსკია. სტუდია Theatregallery თავისუფალი თვითგამოხატვის ადგილია, სადაც რეალობის თავიდან გამოგონებაა შესაძლებელი და რამდენიმე დისციპლინა იკვეთება: თეატრი, ვიზუალური ხელოვნება, მუსიკა, კინო და ცეკვა.
სპექტაკლში რეჟისორი ლუკაშ ტვარკოვსკი და მისი ჯგუფი იმ ორიგინალური მულტიმედიური თეატრალური ფორმის ძიებას განაგრძობს, რომელშიც გამოსახულება, ბგერა და მოქმედება მაყურებელს შეუცნობელ სამყაროში „ჩაძირვას“ უადვილებს. ამჯერად, ეს მომავლის სამყაროა: კოსმოსური ხომალდის ბორტი, სადაც ექსპერიმენტი ტარდება.

7-8 ოქტომბერს, ფესტივალის განსაკუთრებული სტუმარია Flow Projects და Bormio-ა სპექტაკლი – „ბამბის მინდვრების სიმარტოვეში“, რომელშიც ჯონ მალკოვიჩი და ინგებორგა დაპკუნაიტე თამაშობენ. სპექტაკლში ასახულია, ვინ და როგორ განიცდის გონებისთვის მიუწვდომელ დროს, პანდემიით რომ დაიწყო და დანაშაულებრივი ომით გრძელდება – ორგანიზებული ცხოვრებიდან გაურკვევლობამდე, არავინ იცის. ასეა თუ ისე, აქ ვართ – „ბამბის მინდვრებით“ და გონებაში დაუსრულებლად ვიმეორებთ კოლტესის პიესის ფრაზას: „აქ, სადაც მარტონი ვართ, ამ საათისა და ამ ადგილის უსაზღვრო მარტოობაში… მოდი, ვიყოთ უბრალოები, მარტოსულები. ამაყი ნულები“.

13-17 ოქტომბერს, სამეფო უბნის თეატრი Hessisches Landestheater Marburg (HLTM) წარმოადგენს სპექტაკლს – „რატომ იხარშება ბავშვი პოლენტაში“, რეჟისორი ნინო ხარატიშვილი. რუმინელმა მწერალმა ქალმა, აგლაია ვეტერანიმ დაწერა რომანი ბავშვზე, რომელიც მისეულად აღიქვამს ცირკის მსახიობი მშობლების ცხოვრებას. ოჯახი ყოველდღე საოცარი იმედით გადის ბეწვის ხიდს დაუნდობელ სამყაროში – სამყაროში, სადაც ადამიანებს სხეულებით ითვლიან, ილუზიებით ცხოვრება გარდაუვალია, მაგრამ იმედი ყველაზე მძლავრად გიზგიზებს.

14 ოქტომბერს იოჰან სებასტიან ბახის შემოქმედების კვლევის შემდეგად, მალ პელო წარმოგიდგენთ სპექტაკლს „გამოგონებებს“/Inventions – ჯგუფის მიერ შექმნილ ტეტრალოგიის მესამე ნაწარმოებს, რომელიც ბახის მუსიკითაა შთაგონებული. „გამოგონებები“ იმ წინა ნაწარმოებებზე მუშაობის (ბახის მუსიკაზე, გოლდბერგის ვარიაციებზე) პროცესში მომწიფებული ნაყოფია, რომლებშიც ვაანალიზებთ, ვიაზრებთ და ღრმა ვიზუალიზაციის მეშვეობით, წარმოვაჩენთ იოჰან სებასტიან ბახის მუსიკალურ თხზულებათა სტრუქტურებს, ჰარმონიებს, ბგერებსა და განვითარებას.

17-18 ოქტომბერს კომპანია Cie QUE FAIRE? მაყურებლის წინაშე, რეჟისორ სებასტიან ფუკოს სპექტაკლით -„ომის რეპორტიორები“ წარსდგება. „ომის რეპორტიორები“ თეატრალურ-დოკუმენტური სპექტაკლია ბოსნიის ომის შესახებ – დღევანდელი მოვლენებისთვის აქტუალური მეტაფორა.

რაც შეეხება ქართული სპექტაკლების პროგრამას, სხვადასხვა წარმოდგენა 22-დან 27 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. წელს GEORGIAN SHOWCASE-ზე წარმოდგენილი იქნება 46 ქართული სპექტაკლი, როგორც დედაქალაქიდან, ასევე რეგიონებიდან. ქართულ პროგრამაზე, ტრადიციულად, 80-ზე მეტი სტუმარია დარეგისტრირებული, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალს, თეატრებსა და საპროდიუსერო კომპანიებს წარმოადგენენ.

14 წლის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო ფესტივალმა 200 საერთაშორისო კომპანიას უმასპინძლა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: იტალია, გერმანია, ისრაელი, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ხორვატია, აზერბაიჯანი, თურქეთი, ესტონეთი, შვედეთი, ირანი, კორეა, ლიეტუვა, ჩინეთი, ავსტრია, საფრანგეთი, ტაივანი, ფინეთი, ესტონეთი, სომხეთი, იაპონია, ინდოეთი და უკრაინა.

ფესტივალის სტუმრები იყვნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: რობერტ ლეპაჟი, ეიმუნტას ნეკროშიუსი, ჯორჯიო სტრელერი, პიპო დელბონო, სილვიუ პურკარეტე, აკრამ ჰანი, კშიშტოფ ვარლიკოვსკი, მაია კლეჩევსკა, ფილიპ ჟანტი, ალვის ჰერმანესი, ჯონ მალკოვი. მათთან ერთად ისეთი კომპანიების წარმომადგენლები, რომლებსაც სწორედ თბილისის ფესტივალმა გაუხსნა გზა საერთაშორისო აღიარებისკენ. თბილისის საერთაშორისო ფესტივალი ერთ-ერთია მსოფლიოს დიდ თუ პატარა ფესტივალებს შორის, რომელიც ყოველ წელს ცდილობს, გაუძლოს დროს და მაყურებლის მოთხოვნას. 14 წლის განმავლობაში, ფესტივალის მიზანია, მაყურებელთან ერთად აღმოაჩინოს ყველაფერი ახალი – ტექსტი, თეატრალური ფორმა, მსახიობი, მაყურებელი და შეიცნოს ჯერ კიდევ უცნობი კულტურა, ახალი და განსხვავებული მიდგომა ხელოვნებისა და სამყაროს მიმართ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0