ჩვენ გადავწყვიტეთ 154 ახალი ავტობუსის შეძენა

05/06/2023

ჩვენ გადავწყვიტეთ 154 ახალი ავტობუსის შეძენა, რაშიც ჩვენ გადავიხდით 53 მილიონ ლარს. ეს იქნება 8-მეტრიანი Isuzu-ს მარკის თანამედროვე, ევრო-5-ის სტანდარტის ავტობუსები, რომლებიც რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურებიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ახალი ავტობუსების შეძენა კიდევ უფრო კომფორტულს გახდის გადაადგილებას.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური სიახლე მინდა ვაცნობო ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით, რეგიონებში მცხოვრებ ჩვენს ხალხს. ჩვენ გადავწყვიტეთ 154 ახალი ავტობუსის შეძენა, რომელშიც ჩვენ გადავიხდით 53 მილიონ ლარს. ეს იქნება 8-მეტრიანი Isuzu-ს მარკის თანამედროვე, ევრო-5-ის სტანდარტის ავტობუსები, რომლებიც რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურებიან. წლების განმავლობაში, მოგეხსენებათ, რომ არსებული შიდა საქალაქო გადაადგილება იყო დაკავშირებული პრობლემებთან და ამიტომ, ეს პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ კიდევ ვაპირებთ დამატებითი ავტობუსების შეძენას, რომ კიდევ უფრო მეტად კომფორტული იყოს გადაადგილება ჩვენი ხალხისთვის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს დღეს დედაქალაქში, ქალაქებში თუ რაიონებში არსებული ავტოსადგურები.

„გახსოვთ, წინა კვირას ჩვენ დავაანონსეთ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა. ჩვენ ამის თაობაზე ბატონი ლევან დავითაშვილიც გესაუბრათ. ეს რეფორმა შეეხება საავტომობილო, სამგზავრო გადაყვანას ქვეყნის შიგნით. ეს სფერო არის მოსაწესრიგებელი. დამეთანხმებით, რომ ყველგან პრობლემებია, თუნდაც ავტოსადგურების მიმართულებით. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს დღეს დედაქალაქში თუ ქალაქებში, თუ რაიონებში არსებული ავტოსადგურები. ამას სჭირდება სპეციალური სტანდარტების შემოტანა. ჩვენ გადმოგვაქვს ევროპული სტანდარტები. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივცემთ გონივრულ ვადებს ამ ავტოსადგურების მფლობელებს, ასევე, გადამყვან კომპანიებს თუ ცალკეულ ინდივიდებს, ფიზიკურ პირებს. აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხის გადაყვანა, მგზავრობა იყოს კომფორტული და უსაფრთხო. აქ ეკოლოგიაზეც არის საუბარი. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ხალხის გადაყვანა ხდება ე.წ. სამარშრუტო ტაქსებით, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არის გადაკეთებული, რაც, რა თქმა უნდა, არ არის უსაფრთხო და, მეორე მხრივ, ძალიან არაკომფორტულია. მე, პირველ რიგში, უსაფრთხოებაზე მინდა გავაკეთო აქცენტი. უსაფრთხოებაზე და შემდეგ კომფორტზე. ამიტომ, ამ მიმართულებით ჩვენ დავიწყეთ უკვე მუშაობა. ეს ყველაფერი აღირიცხება, უნდა იყოს მოწესრიგებული, უნდა ჩანაცვლდეს, უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტების სამარშრუტო ტაქსები, და ეს ყველაფერი ძალიან მალე უნდა მოწესრიგდეს, სულ რაღაც წელიწად-ნახევარში და წლის ბოლოდან დაიწყება ეს პროცესი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0