გასული კვირის ბოლოს, რუსეთის მხრიდან ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებისთანავე, მივიღეთ მომართვები რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ავიარეისების შესრულებასთან დაკავშირებით რამდენიმე ავიაკომპანიისგან, მათ შორის ქართული ავიაკომპანიისგან – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ამ თემაზე დეტალურად საუბრისას. ლევან დავითაშვილის განცხადებით, დღეისათვის მოთხოვნა არის როგორც თბილისის, ისე ქუთაისის და ბათუმის მიმართულებებზე.
„ჩვენ საკმაოდ ინტენსიური მუშაობა გვქონდა სამინისტროსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ექსპერტებთან ერთად, რათა შეგვესწავლა რუსეთთან ფრენების კუთხით არსებული პრაქტიკა. დღეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომელიც საკმაოდ დეტალურად აღწერს ჩვენი გადაწყვეტილების პრინციპებს – ჩვენ ვეფუძნებით მსოფლიოში ყველაზე მკაცრ მიდგომას, რომელსაც ის ქვეყნები იყენებენ, ვისაც რუსეთთან აქვს ფრენები“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მისივე განმარტებით, ეს არის რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით მიღებული გადაწყვეტილება, რომლის გათვალისწინებით არც სანქცირებული ბორტები და არც სანქცირებული კომპანიები არ იქნებიან დაშვებულნი ამ ქვეყნის ბაზარზე, ასეთია საქართველოს გადაწყვეტილებაც.
„ზოგადად ჩვენი გადაწყვეტილებები თანხვედრაში უნდა იყოს ICAO-ს მოთხოვნებთან და აქედან გამომდინარე, ბორტები, რომლებსაც წვდომა არ აქვთ ტექნიკურ ინფორმაციაზე, კვალიფიციურ შეკეთებასა და სერვისზე, მომსახურებაზე, მეინთენანსზე, რა თქმა უნდა, საქართველოს სივრცეში ვერ იფრენენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა იმ კომპანიას და იმ ბორტს, რომლებიც ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, საშუალებას მივცემთ, რომ განაახლონ ფრენები იმ მიმართულებებით, სადაც შესაძლებელი იქნება და საიდანაც მოთხოვნა იქნება“, – აცხადებს ვიცე-პრემიერი.
ამასთან, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, დღის განმავლობაში დასრულდება დოკუმენტების შესწავლა და ხვალისთვის გადაწყვეტილება მიღებული იქნება. როგორც ის აღნიშნავს, შესწავლილ იქნა ყველა იმ ქვეყნის პრაქტიკა, რომლებსაც ფრენები აქვთ რუსეთთან – ბევრ ქვეყანას, საქართველოს მეზობელ ქვეყნებს ფრენები აქვთ ყოველგვარი შეზღუდვებს გარეშე, მათ შორის ნატოს წევრ და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს.
„მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ წავედით ყველაზე უფრო კონსერვატორული მიდგომით, სადაც მაქსიმალურად ვაზღვევთ უსაფრთხოების საკითხებს და ვზრუნავთ მგზავრთა უსაფრთხოებაზე, გადაზიდვებზე და ამიტომ ეს ორი კრიტერიუმი ძალიან მნიშვნელოვანია – ბორტები, რომლებიც ICAO-ს მოთხოვნების შესაბამის რეგულარულ ტექნიკურ შემოწმებას გადიან და კომპანიები, რომლებსაც პრობლემა არ აქვთ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, მათ ექნებათ საქართველოს საავიაციო ბაზარზე დაშვების საშუალება“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.