ზურაბ აზარაშვილი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

12/05/2023

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა და პროგრამულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. პირველი ივნისიდან, ინსულინისა და დიაბეტის მართვისთვის საჭირო მასალების – ტესტის ჩხირებისა და სისხლის ასაღები ნემსების 3-თვიანი მარაგები გაიცემა. მშობლები და ბენეფიციარები, სახარჯ მასალებსაც, ინსულინთან ერთად, იმავე ლოკაციაზე მიიღებენ. დაკორექტირდა გაცემის თარიღიც – ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ, მარაგები, მათთვის განსაზღვრულ კონკრეტულ რიცხვამდე, 10 დღით ადრე, ნებისმიერ დროს მიიღონ. გაიზარდა დიაბეტის მართვის პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა – მარაგები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახლა უკვე 60 სააფთიაქო დაწესებულებაში გაიცემა, გეგმურ ამბულატორიულ მომსახურებას კი, ბენეფიციარებს, თბილისსა და რეგიონებში, 10 სხვადასხვა დაწესებულება მიაწვდის. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვები Medtronic-ის უახლეს, მე-4 თაობის მოწყობილობებს მიიღებენ, რომლებიც, მონაცემების ასახვისათვის, კალიბრაციას არ ითხოვს. Medtronic-ის CGM სისტემის გამოსაყენებლად, საჭიროების შემთხვევაში, მობილურ ტელეფონებს, სამინისტრო, თავად შეისყიდის. ჯანდაცვის სამინისტროსა და ბენეფიციართა მშობლებს შორის კომუნიკაცია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აქტიურად გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0