პარლამენტმა სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმირებასთან დაკავშირებული მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა და პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა. „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი თანმდევ პროექტებთან ერთად, დეპუტატებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა გააცნო. კანონპროექტით წესრიგდება სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებასთან, დარგის რეგულირებასთან და ზედამხედველობასთან, სახიფათო ტვირთთან, უსაფრთხოების სახელმწიფო რეგულირებასთან, სერიოზული სარკინიგზო შემთხვევების, სარკინიგზო შემთხვევების და ინციდენტების მოკვლევასთან, მემანქანის მართვის მოწმობის გაცემასთან და სერტიფიცირებასთან დაკავშირებული საკითხები. რეფორმის მიზანია საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის, როგორც ყველაზე უსაფრთხო, მწვანე და მდგრადი სატრანსპორტო საშუალების ეფექტურობის გაზრდა და განვითარება.
პარლამენტმა სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმირებასთან დაკავშირებულ ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
03/05/2023