დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა თემატური მოკვლევა დაიწყო

01/05/2023

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ინოვაციების ხელშემწყობი ინსტრუმენტების განვითარების საკანონმდებლო ჩარჩოსთან დაკავშირებით” თემატური მოკვლევის საკითხი განიხილა. კომიტეტმა მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობა განსაზღვრა, რასაც კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს. სხდომაზე ასევე მოისმინეს ინფორმაცია „ციფრული ეკონომიკის მდგომარეობისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ“ ჩატარებული თემატური მოკვლევის დასკვნის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების თაობაზე, რომელიც ექსპერტმა გიორგი ჩაფიძემ წარადგინა.

„ანგარიში აჯამებს და წარმოადგენს საქართველოს პოზიციას ისეთ საერთაშორისო ინდექსებში, როგორიცაა მმართველობის ელექტრონული ინდექსი, ელექტრონული მონაწილეობის ინდექსი, ქსელური მზაობის ინდექსი და სხვა, რომელიც აჩვენებს თუ სად დგას საქართველო თითოეულ ინდექსში და როგორ შეესაბამება მისი პოზიცია აღმოსავლეთ ევროპის, დასავლეთ ბალკანეთის, ევროკავშირის წევრ და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს“, – განაცხადა მომხსენებელმა.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველო ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით მაღალ დონეზე დგას, ხშირ შემთხვევაში იმავე დონეზეა ან წინ უსწრებს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს. ანგარიშში შეფასებულია ქვეყანაში მობილური კომუნიკაციების გამოყენება, მობილური და ფართოზოლოვანი ინტერნეტის მომსახურების განვითარება, ციფრულ ტრანსფორმაციაში მონაწილე ძირითადი ინსტიტუტების მზადყოფნა და მათი უნარები. ასევე გაანალიზებულია ციფრული ეკონომიკის საკანონმდებლო ჩარჩო და წინ გადადგმული ნაბიჯები ციფრული მმართველობის გაუმჯობესების, ციფრული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და ბიზნესების ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0