პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბუიარ ოსმანის შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა ბუიარ ოსმანის ვიზიტისთვის და ეუთოს მიერ საქართველოს მხარდაჭერისთვის გეოპოლიტიკურად რთულ პერიოდში. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერაზე და რუსეთ-უკრაინის ომის გავლენაზე რეგიონში არსებულ ვითარებაზე. ბუიარ ოსმანიმ მადლიერება გამოხატა ეუთოს საქმიანობაში საქართველოს აქტიური მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო მრავალმხრივი დიპლომატიის მხარდამჭერი და რეგიონული ინიციატივების ცენტრია. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. მხარეებმა დაადასტურეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შენარჩუნების მნიშვნელობა.
ისაუბრეს საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის პროგრესზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ბუიარ ოსმანიმ აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიას ევროინტეგრაციის ხანგრძლივ გზაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს მიღებული, რომლის გაზიარების მზაობა გამოხატა. შეხვედრას, შალვა პაპუაშვილთან ერთად ასევე ესწრებოდნენ დეპუტატები ნიკოლოზ სამხარაძე, ხატია წილოსანი, თინათინ ბოკუჩავა და ქეთევან თურაზაშვილი.
შალვა პაპუაშვილი ეუთოს თავმჯდომარეს, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
10/04/2023