საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მოადგილეებთან ერთად, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, გნელ სანოსიანს შეხვდა. სომხეთის რესპუბლიკის დელეგაცია, გნელ სანოსიანის ხელმძღვანელობით, საქართველოში რამდენიმედღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. დელეგაციაში შედიან სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, სომხეთის გზების დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორი და იჯევანის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს მეზობელ ქვეყანებს შორის არსებული მჭიდრო და მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, მიმოიხილეს ორი ქვეყნის სამინისტროების საქმიანობის მიმართულებები და ხაზი გაუსვეს სხვადასხვა სფეროებში დაგროვილი გამოცდილების ურთიერთგაზიარების საჭიროებას. ირაკლი ქარსელაძემ სტუმრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს რეგიონების განვითარების მიზნით, ინსტიტუციური გაძლიერებისა თუ სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე. საუბარი შეეხო საგზაო, წყალმომარაგების, მყარი ნარჩენების მართვის, საგანმანათლებლო თუ მუნიციპალური ინფრასტრუქტურის და ურბანული განახლების პროექტების განვითარების პროგრესს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში წარმატებით მიმდინარე დეცენტრალიზაციის პროცესზე, რეგიონების ინსტიტუციური, ფინანსური და დამოუკიდებლობისთვის განხორციელებული ღონისძიებების შედეგებზე, მთიანი დასახლებების მხარდაჭერისათვის გატარებულ რეფორმებსა და სამინისტროს საქმიანობის სხვა მიმართულებებზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის და საერთაშორისო მაგისტრალური საავტომობილო გზების განვითარების მნიშვნელობას. სომხეთის დელეგაციის წევრებმა მაღალი შეფასება მისცეს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისა და პროექტების მნიშვნელობასა და პროგრესს. ასევე, გაიხსენეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის წარმატებული მაგალითი სადახლოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან აშენებული ახალი საავტომობილო ხიდის სახით და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვეს. შეხვედრის შემდეგ, ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობის ხაზგასმისა და შემდგომი გაღრმავების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. მემორანდუმი ითვალისწინებს, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობას საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების, საგზაო უსაფრთხოების, გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციის მიმართულებით. სომხეთის დელეგაცია, ვიზიტის ფარგლებში, მოინახულებს საქართველოში მიმდინარე რამდენიმე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტსაც და მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ საქართველო-სომხეთის ეკონომიკურ ფორუმში.
ირაკლი ქარსელაძე, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა
05/04/2023