ტურიზმი, ვაჭრობა, მშენებლობა, წარმოება, ექსპორტი, – ყველა მიმართულებით გვაქვს სერიოზული პროგრესი და მინდა რამდენიმე სიტყვით შევეხო ამ ყველაფრის შენარჩუნებისთვის რა არის საჭირო და აუცილებელი. არაფერი არ იქნება, თუ არ გვექნება ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა. დასაწყისში უკვე აღვნიშნე, რომ ძალიან რთული მდგომარეობაა მსოფლიოში. ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ასეთი გამოწვევა არ ყოფილა, უკრაინაში რაც ხდება. ხედავთ, რომ ომი არ ჩერდება უბრალოდ და უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილი, 20%-ზე მეტი უკვე გადაქცეულია პოლიგონად და მიმდინარეობს გამანადგურებელი ომი. ქალაქები, სოფლები, რაიონები სწორდება მიწასთან და ამის შემჩერებელი არავინაა. ამიტომ, ის გეგმა, რაც არსებობდა ჩვენ წინააღმდეგ, უკრაინიზაციის გეგმა და მეორე პოლიგონად გადაქცევის გეგმა ჩვენს მტრებს, რა თქმა უნდა, ჩაუვარდათ კიდევ ერთხელ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პოლიციისთვის „მოლოტოვის კოქტეილების” სროლა არის მიუღებელი, რაზეც სახელმწიფო იქნება უკომპრომისო.
„რამდენიმე დღის წინ პოლიციამ დააკავა პოლიციაზე თავდამსხმელი, და გახსოვთ, ყველამ ნახა კადრები, ერთ-ერთმა ანარქისტმა როგორ ესროლა პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილი”. ანუ ამ ადამიანს განზრახული ჰქონდა პოლიციელის ცოცხლად დაწვა. მე გამოვედი და ვთქვი ჩემი პოზიცია, რომ ამას არავის ვაპატიებთ, ესაა მიუღებელი, წითელი ხაზი, რომელზეც ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო. ასევე, თქვენ ნახეთ, საზოგადოებამ ნახა, რომ გეგმა იყო გაცილებით უფრო რთული, მათი გეგმა იყო მუდმივი ქაოსის დათესვა, საბოლოო მიზანი მათი, რა თქმა უნდა, იყო ქვეყნის დესტაბილიზაცია, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, რაც, რა თქმა უნდა, არავის გამოუვიდა და გამოუვა. რაც შეეხება ანარქისტებს და მათ ინსტრუქტორებს, მინდა შევახსენო ყველას, რომ ეს ადამიანები იყვნენ მომზადებული იმისთვის, რომ მომხდარიყო პროვოკაციები, პოლიციაზე თავდასხმები, და ეს ყველაფერი არის თვალსაჩინო. ხალხმა ნახა კიდევ ერთხელ, რომ ამის მიზანი გაცილებით უფრო შორსმიმავალი იყო, მაგრამ მადლობა კიდევ ერთხელ პოლიციას. სახელმწიფო დადგა ძალიან მტკიცედ, გამოაჩინა სიძლიერეც და გონიერებაც”, – განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კანონი აღსრულდება ყველას მიმართ.
„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს დეგრადირებული ოპოზიცია, რომელიც არის აბსოლუტურად ხელმოცარული, თუ ვინმე ეწინააღმდეგება დღეს იმ სიკეთეებს, რაც ჩამოვთვალე, – კეთილდღეობას, იმას, რომ მეტი შემოსავალი ნახოს ჩვენმა ხალხმა, ესაა სწორედ ეს დეგრადირებული ექსტრემისტული ოპოზიცია. მათ არ უნდათ, რომ ქვეყანაში იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, მშვიდობა, სტაბილურობა. ყველაფერს აკეთებენ, რომ შესწირონ საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის უსაფრთხოება. ამიტომ, მე მინდა ყველას ვუთხრა ძალიან მკაფიოდ, რომ დღეს ხელისუფლება არის მოწოდების სიმაღლეზე, მტკიცედ და ძლიერად დგას, ვინარჩუნებთ მშვიდობას, სტაბილურობას, მაღალ ეკონომიკურ ზრდას, და ამ გზაზე ჩვენ ვერავინ შეგვეწინააღმდეგება. ეს მინდა ვუთხრა მათ. აქ გადის ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ინტერესები და, ბუნებრივია, ამ ბრძოლაში ვიქნებით უკომპრომისო. მიუღებელია ის, რაც მოხდა, კატეგორიულად მიუღებელია. უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც არის ბრალდებული და მხილებული პოლიციაზე თავდასხმის საქმეში. ერთი რამ მინდა შევახსენო ყველას, – მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში რაც მოხდა კაპიტოლიუმზე თავდასხმის დროს, 4 ადამიანი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული, ადგილზე მოკლეს 4 ადამიანი, რომელიც შეიჭრა კონგრესის შენობაში. ჩვენთან ეს, თურმე, ნორმაა, რომ ეს ანარქისტები შეგვეშვა პარლამენტის შენობაში, თურმე, ნორმაა, რომ ცეცხლი გაუხსნან პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილებით” და პოლიციამ არ უნდა იმოქმედოს, არ უნდა დავიჭიროთ არავინ, არავინ უნდა დავსაჯოთ და ამ ანარქისტებს და ქაოსის დამთესველებს, ქვეყნის მტრებს მივცეთ საშუალება, ქვეყანაში შემოიტანონ არეულობა. ამას, რა თქმა უნდა, არ ვიზამთ. ამერიკაში, შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ასეული ადამიანი იქნა მხილებული, მრავალი ათეული წლით გაუშვეს ციხეში, ოთხი ადამიანი ადგილზე მოკლეს. ევროპის ქვეყნებში ხედავთ რაც ხდება, ევროპაში, როცა საქმე ეხება უსაფრთხოებას, სტაბილურობას, მანდ უკომპრომისო ბრძოლა მიდის. ჩვენთან ასე სუფთად ჩაატარა პოლიციამ ღონისძიება, არავინ დაშავებულა რეალურად, მაქსიმალური სიფრთხილით მოვეკიდეთ და დღეს გვეუბნებიან, რომ თურმე „მოლოტოვის კოქტეილს” რომ ისვრის ვიღაც ანარქისტი და ქვებს რომ უშენენ პოლიციას, ამაზე უნდა დავხუჭოთ თვალი. ეს რა თქმა უნდა, არ მოხდება და კანონი აღსრულდება ყველას მიმართ. ეს უნდა იყოს, რა თქმა უნდა, დაფუძნებული მტკიცებულებებზე და არავის უსამართლოდ არ დავსჯით, არ დაგვისჯია, არც არავინ დაისჯება. ეს მინდოდა მეთქვა. ჩვენ გვინდა ახლა დამშვიდება, საზოგადოებას სჭირდება მშვიდობა, სიწყნარე, მეტი სამუშაო ადგილები, მეტი კეთილდღეობა გვჭირდება და ის სიკეთეები, რაც ჩამოვთვალე. ესაა ჩვენი მთავარი ამოცანა, მეტი პროექტის მშენებლობა და მეტი განვითარება,” – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.