მე მინდა რამდენიმე პოზიტიური ინფორმაცია გავაცნო ჩვენს საზოგადოებას. იანვარ-თებერვალში ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, – 7.1 % არის ეკონომიკური ზრდა, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ შარშან გვქონდა ძალიან მაღალი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ამის ფონზე გვაქვს საკმაოდ სოლიდური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მაღალ ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სხვადასხვა მიმართულებებით მაღალმა აქტიურობამ. მათ შორისაა მშენებლობა, საფინანსო სექტორი, ვაჭრობა, ტრანსპორტი და ტურიზმი.
„იანვარში გვქონდა 8%-ზე მეტი და თებერვალში გვქონდა 5.8 % ეკონომიკური ზრდა, ანუ საერთო შეწონილი, საშუალო მაჩვენებელი გამოვიდა 7.1%, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელია, და მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რაც ხდება მსოფლიოში, ომები და უამრავი გამოწვევა. ამაზე მოგვიანებით კიდევ მოგახსენებთ დამატებით, ეს არის ძალიან სერიოზული მიღწევა. ასევე მინდა გითხრათ, თუ რამ განაპირობა მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი, რამ შეიტანა ამ მაღალ ზრდაში, – მშენებლობა, საფინანსო სექტორი, ვაჭრობა, ტრანსპორტი, ტურიზმი, ყველა მიმართულებით არის მაღალი აქტიურობა დაფიქსირებული,”- აღნიშნა პრემიერმა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ინფლაცია მთელი მსოფლიოს გამოწვევაა, შარშან ევროზონაში ორნიშნა ინფლაცია დაფიქსირდა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 20-25, 30%-მდეც კი ავიდა, მოლდოვაში 37% იყო, და ამ დროს საქართველომ, გამოწვევების მიუხედავად, ინფლაციის 5,3%-მდე შემცირება შეძლო.
„მეორე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც მინდა საზოგადოებას გავაცნო, ეს არის ინფლაციის შემცირება. მოგეხსენებათ, რომ ინფლაცია იყო და რჩება გამოწვევად. დღეს მთელ მსოფლიოში არის მაღალი ინფლაცია, ამერიკაში, ევროპაში, ევროზონაში შარშან, მაგალითად, ორნიშნა ინფლაცია დაფიქსირდა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში იყო 20-25, 30%-მდეც კი ავიდა, მოლდოვაში 37% იყო ინფლაცია. ამ დროს ჩვენმა პატარა ქვეყანამ, აი, ამდენი გამოწვევის მიუხედავად, მოახერხა, რომ შარშან იყო პიკზე, ყველაზე მაღალი ინფლაცია გვქონდა – 13%, წლის ბოლოს ჩვენ შევამცირეთ 9%-მდე ინფლაცია და ახლა უკვე, მარტში 5,3% არის ინფლაცია, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი პროგრესი. თითქმის 2,8 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული ინფლაცია წინა თვესთან შედარებით. ასევე მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, თუ რას ნიშნავს ინფლაციის შემცირება ჩვენი ხალხისთვის. ინფლაციური წნეხის შემცირება, რა თქმა უნდა, ავტომატურად აისახება სურსათზე, ტრანსპორტზე, მედიკამენტებზე, ფასებზე, ყველაფერზე აისახება, ბუნებრივია. ეს არის შედეგი ჩვენი ერთობლივი მუშაობის, მეგობრებო. ჩვენ ამის თაობაზე, გახსოვთ, შარშან დავიწყეთ მუშაობა. მედიკამენტებზე შევძელით და შევამცირეთ ფასები მნიშვნელოვნად, 60-70-80%-ით შევამცირეთ ფასები მედიკამენტებზე, შემოვიღეთ ასევე რეფერენტული ფასები და ჯამურად 200 მილიონი ლარის ეკონომია ნახა ჩვენმა ხალხმა შარშან. ასევე ჩვენ დავიწყეთ, კარგად მოგეხსენებათ, მუშაობა იმპორტიორებთან საწვავის ფასების შემცირების თაობაზე, გვქონდა წარმატებული მოლაპარაკებები და საწვავის ფასებიც შემცირებულია. ამანაც, რა თქმა უნდა, შეასრულა თავისი როლი, და მესამე მიმართულება, ეს არის სურსათის ფასები, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს აწუხებს. ამ მიმართულებითაც ჩვენ გვქონდა წარმატებული მოლაპარაკებები, პირველი ეტაპის. ახლა უკვე, ეკონომიკის სამინისტრო ძალიან მალე წარმოადგენს კანონპროექტს, აქედანაც გადავაზღვევთ, ამ კანონის მიღებითაც გადავაზღვევთ, რომ სამართლიანი წესები არსებობდეს ბაზარზე და ეს ყველაფერი ჯამში აისახა შემცირებულ ინფლაციაზე. 5,3% გვაქვს დღეს ინფლაცია, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან სასიხარულო. ეს უნდა შევინარჩუნოთ, ამას სჭირდება გაგრძელება, ამ მუშაობას. მაღალი ეკონომიკური ზრდა გვჭირდება, დაბალი ინფლაცია გვჭირდება და, რაც მთავარია, გვჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მშპ-სთან მიმართებით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი თითქმის 6,3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.
„მესამე ძალიან პოზიტიური ინფორმაცია, რაც ასევე მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ეს იყო გამოწვევა. შარშან, გარდა იმისა, რომ ჩვენ გვქონდა უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა და ასევე დასაქმების მიმართულებითაც ძალიან სერიოზული გაუმჯობესება გვქონდა, ბოლო ორ წელიწადში შეიქმნა 220 000 ახალი სამუშაო ადგილი, ამის გარდა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ისტორიული მინიმუმი დაფიქსირდა – 4,1 პროცენტი, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. თითქმის 6,3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა მშპ-სთან მიმართებით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ასე რომ, ეს არის ძალიან სერიოზული მიღწევა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, ქვეყნის რეზერვები დღეს ისტორიულ მაქსიმუმზეა.
„მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი არის ისტორიულ მინიმუმზე. მთლიანი შიდა პროდუქტი, მთელი ქვეყნის ეკონომიკა ასევე არის ისტორიულ მაქსიმუმზე. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, ასევე არის ისტორიული მაქსიმუმი, 8 000 დოლარამდე იქნება წელს უკვე. უმუშევრობა და სიღარიბე გვაქვს ჩვენ ისტორიულ მინიმუმზე. გრძელდება ფასების შემცირება მედიკამენტებზე, სურსათზე, საწვავზე. ჩვენ ასევე გვქონდა პირველადი საუბარი პურის მწარმოებლებთან და გვაქვს მოლოდინი, რომ მათგანაც მოხდება ასახვა ფქვილის ფასებზე, ვინაიდან დაფიქსირდა ძალიან მნიშვნელოვანი კლება. შესაბამისად, უნდა მოხდეს ასახვა პურის ფასებზეც. ამის თაობაზე ბატონი ოთარ შამუგია უკვე ესაუბრა თავის დარგში მომუშავე მწარმოებლებს და გვაქვს პოზიტიური მოლოდინი. მთლიანობაში, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს წელს. ჩვენ ასევე ვგეგმავთ სერიოზული მსხვილი პროექტების დაწყებას, როგორიც არის ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება. წელსვე გვინდა, რომ დავიწყოთ მშენებლობა, შემოდგომაზე. ასევე, აეროპორტის მიმართულებით გვაქვს ჩვენ სერიოზული გეგმა, რომ წელს, წლის ბოლომდე მოვახდინოთ ახალი პროექტის შეჯერება, დამუშავება. ჩვენ გვაქვს ინტერესი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი იყოს რეგიონში ახალი აეროპორტი, რომელსაც 2-3 წელი დასჭირდება, რომ აშენდეს. ესეც რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიციას გულისხმობს. აეროპორტი, პორტი, რა თქმა უნდა, გრძელდება ინფრასტრუქტურა, გზების მშენებლობა და ჰესები, მსხვილი ჰესების მშენებლობა. ეს პირდაპირ იქნება ბონუსი და დამატებითი, ასე ვთქვათ, დაბუსტავს ეკონომიკურ ზრდას, ისედაც მაღალ ეკონომიკურ ზრდას. ეს არის ჩვენი მოლოდინები უახლოესი ერთი წლის და მომდევნო წლების განმავლობაში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.