მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძემ თიანეთის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრები გამართა. პირველ ეტაპზე, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე საკრებულოს დეპუტატებს, მერიის სამსახურების ხელმძღვანელებსა და მერის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას, აგრეთვე, ესწრებოდნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სოსო მამულაშვილი, მერის მოადგილე ზურაბ ცისკარიშვილი, ზრუნვის სააგენტოს რეგიონალური ცენტრისა და რეგიონალური სოციალური სამსახურის ხელმძღვანელები – ლალი უნდილაშვილი და მაკა ხამხაძე.
შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, გოჩა ქავთარაძემ სოციალური და ჯანდაცვის პროგრამა-ქვეპროგრამები, ასევე, ამ კუთხით 2023 წელს არსებული სიახლეები განიხილა. საუბარი შეეხო საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების მასშტაბურ პროგრამასაც, რომელიც კვლავ აქტიურ ფაზაში გრძელდება.
„მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებებით, მთავრობის მიერ უკვე არაერთი პროგრამა და ქვეპროგრამაა დადგენილი, რაც მიზნად, უპირველეს ყოვლისა, ხალხის დახმარებას ისახავს. ამიტომაც, უმნიშვნელოვანესია, თითოეულმა ჩვენგანმა ვიზრუნოთ, რომ ამ ყველაფრის შესახებ ადგილობრივები სწორად და დროულად იყვნენ ინფორმირებულნი, რათა საჭიროების შემთხვევაში, მათთვის განკუთვნილი პროგრამებით ისარგებლონ.“ – აღნიშნა გოჩა ქავთარაძემ.
მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ შეხვედრა, ასევე, გამართა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში, სადაც სხვადასხვა თემატური საკითხი განიხილა. მათ შორის საუბარი შეეხო მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზების თემებს. აგრეთვე, ხაზი გაესვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობითი მუშაობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას და ამ კუთხით წელს არსებულ ვითარებას. შეხვედრის დასასრულს გოჩა ქავთარაძემ შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებს განხორციელებული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა, სამომავლოდ წარმატებები უსურვა და კიდევ უფრო მეტი კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდა.