20 მარტი ფრანკოფონიის საერთაშორისო დღეა, რომელსაც მსოფლიოს სხვა ქალაქებთან ერთად, თბილისიც უერთდება. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერიისა და მუნიციპალური შენობების წინ ფრანკოფონიის დროშა აღიმართა.
საერთაშორისო ფრანკოფონიის ძირითადი სლოგანი სოლიდარობისა და კაცობრიობის უნივერსალური ღირებულებების დაცვა და პატივისცემის გამოხატვაა. 20 მარტი სწორედ ამ ღირებულებებთან ასოცირდება და ინტერკულტურული ღონისძიებებით აღინიშნება.
ფრანკოფონიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 21 მარტს თბილისის მერია და მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და გამომცემლობა „პალიტრა L“-ი მოაწყობს ლიტერატურულ შეხვედრას ნობელის პრემიის ლაურეატის, ფრანგი მწერლის ანი ერნოს შემოქმედების ირგვლივ. გაიმართება ანი ერნოს „წლების“ ქართულ ენაზე თარგმანის პრეზენტაცია.
1980 წელს ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIF) განმტკიცების მიზნით, დაარსდა ქალაქთა ქსელი – მთლიანად და ნაწილობრივ ფრანკოფონ მერთა და ქალაქთა საერთაშორისო ასოციაცია, რომლის წევრი თბილისი საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივისა და შუამდგომლობის საფუძველზე, 2001 წელს გახდა. მთლიანად და ნაწილობრივ ფრანკოფონ მერთა და ქალაქთა საერთაშორისო ასოციაცია ამჟამად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 300-მდე ქალაქს აერთიანებს.
ასოციაცია მუნიციპალური სამსახურების მოდერნიზაციის, ჯანმრთელობის, განათლების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და აღდგენის, სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სისტემისა და სხვა მიმართულებების პროექტებს აფინანსებს. 2017 წელს ასოციაციის დაფინანსებით, თბილისში განხორციელდა საველე სკოლის პროექტი, რომელიც ახალგაზრდა ქვის მთლელთა პროფესიულ მომზადებას მოიცავდა. გარდა ამისა, ფრანკოფონ მერთა და ქალაქთა საერთაშორისო ასოციაცია ფინანსურ თანამონაწილეობას იღებს თბილისის აბრეშუმის მუზეუმის სარესტავრაციო სამუშაოებში, რომელსაც დედაქალაქის მერია ახორციელებს. ასოციაციამ ამ მიზნით, 200 000 ევრო შენობის სარეაბილიტაციოდ, ხოლო 50 000 ევრო მუზეუმის პროგრამების განვითარებისთვის გამოყო.
თბილისი ფრანკოფონიის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
20/03/2023