მკაცრი ჯარიმა დაწესდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვის გამო

13/03/2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 18 საკითხი განიხილეს.
დღის წესრიგი: საუბარი შეეხო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიცირებულ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონსა და „მეცნიერების ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებს, რომელთა თანახმადაც მოიხსნა შეზღუდვა, რომელიც კრძალავდა სახელმწიფოს მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციულ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის არჩევას. ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველოში საერთაშორისო პროგრამით მიიღეს სრული ზოგადი განათლება, მიეცათ შესაძლებლობა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე გააგრძელონ სწავლა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
ასევე, განხილულ იქნა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც ზოგად და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცემათ შესაძლებლობა, სახელმწიფო ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა განახორციელონ დამოუკიდებლად, იურიდიული პირის შექმნის გარეშე. ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, ისე საგანმანათლებლო დაწესებულებების დეცენტრალიზაციის კუთხით. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ასევე იმსჯელეს კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც დაწესდება მკაცრი ჯარიმა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვის გამო. კანონპროექტის თანახმად, მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლოვანი მცენარეებისთვის (მათ შორის, მათი ნაწვერალისთვის) ცეცხლის წაკიდებისთვის წესდება ახალი ადმინისტრაციული ჯარიმა – ფიზიკური პირებისთვის თითოეულ ჰექტარზე 1 000 ლარის, იურიდიული პირებისთვის კი, – 2 000 ლარის ოდენობით. ცვლილებების მოსალოდნელი შედეგი გავრცელებული მავნე პრაქტიკის – მოსავლის აღების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ცეცხლის წაკიდების აღმოფხვრა და შემაკავებელი ეფექტის შექმნაა. დღეს კანონმდებლობაში არ არსებობს ამ სახის პირდაპირ გათვალისწინებული სამართალდარღვევა და შესაბამისი სანქცია.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვის კუთხით არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა ჰქონდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ვაგრძელებთ ამ პროცესს, როგორც ატმოსფერული ჰაერის ხარისხის კუთხით, ასევე სამრეწველო საწარმოებისა და ავტომანქანებიდან გამონაბოლქვის კონტროლის მიმართულებით. ეს საკითხი, რომელზეც მთავრობამ იმსჯელა ერთ-ერთი ის გამოწვევაა, რომელსაც ჩვენ ყოველ შემოდგომაზე ვაკვირდებით, ძირითადად კახეთის რეგიონში. სამწუხარო პრაქტიკაა, როცა ფერმერების მხრიდან ხდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა, რაც დიდ ზიანს აყენებს ნიადაგს და ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე შეიძლება დავდგეთ ამ ცეცხლის გავრცელების კუთხით. აქამდე არ გვქონდა ქმედითი მექანიზმი ამის საწინააღმდეგოდ და დღეს, მთავრობამ მოიწონა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომელიც წარედგინება პარლამენტს,“ – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა, ბოლო დროს გახშირებულია შემთხვევები, როდესაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მფლობელები, მოსავლის აღების შემდგომ ახდენენ მიწის ნაკვეთზე დარჩენილი ნაწვერალისთვის ცეცხლის წაკიდებას დაწვის მიზნით, რაც დიდ ზიანს აყენებს როგორც ნიადაგს ასევე გარემოს და ამავდროულად აღნიშნული ქმედება დიდ ზიანს აყენებს ნიადაგსა და გარემოს. ამასთანავე დიდია მიმდებარე ნაკვეთებზე, მინდვრებზე, ტყეებზე ან დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების ალბათობა. მიზანშეწონილია ასეთი ქმედებისათვის არსებობდეს შემაკავებელი ეფექტის მქონე მკაცრი ადმინისტრაციული ჯარიმა. კანონპროექტი მომზადდა გავრცელებული მავნე პრაქტიკის – მოსავლის აღების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის ცეცხლის წაკიდების გამო, რაც დიდ ზიანს აყენებს ნიადაგსა და გარემოს. ამასთან, დიდია მიმდებარე ნაკვეთებზე, მინდვრებზე, ტყეებსა ან დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების ალბათობა.
მთავრობის სხდომაზე მიღებულ იქნა განკარგულების პროექტი „საქართველოს მუნიციპალიტეტებში (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა) მწვანე ნარგაობათა შერჩევის, დარგვისა და მოვლის პირობების შესახებ“. ახალი პროექტის თანახმად, ურბანულ გარემოში რეკრეაციული სივრცეები შეიქმნება, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ამ პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტებში ურბანული ტერიტორიების გამწვანების ერთიანი და გამართული სისტემის დანერგვას მწვანე ნარგავების შერჩევის, დარგვისა და მოვლის პირობების გათვალისწინებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0