იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა, რომელიც საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტების მიზანმიმართულად, განზრახ დაზიანების შემთხვევების ახლებურად დარეგულირებას ითვალისწინებს. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფო ქონების დაზიანება ან განადგურება პასუხისმგებლობის დაკისრებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ დაზიანებული ან განადგურებული ნივთის ღირებულება 150 ლარს აღემატება. ამ შემთხვევაში პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება. შესაბამისად, თუ დაზიანებული ან განადგურებული ნივთის ღირებულება 150 ლარს არ აღემატება, პირს პასუხისმგებლობა არ ეკისრება. სწორედ ასეთი შემთხვევების დარეგულირებას ითვალისწინებს კანონპროექტი.
პროექტის თანახმად, მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის/ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის, საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის განზრახ დაზიანება ან განადგურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. ცვლილებით, აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღემდე ვადით. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, ცვლილება არ ეხება ისეთ შემთხვევებს, რომელიც ე.წ. გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება, მაგალითად, გრაფიტით კონკრეტული ადგილების მოხატვა, რაც რჩება სხვა მუხლების ადმინისტრირების ფარგლებში. კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ალექსანდრე ტაბატაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ირაკლი ზარქუა, ბექა დავითულიანი, გიორგი ამილახვარი, მიხეილ სარჯველაძე და ნინო იობაშვილი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტების მიზანმიმართულად დაზიანების შემთხვევებთან დაკავშირებულ ცვლილებას მხარი დაუჭირა
01/03/2023