ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს, დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ წარუდგინა. მისი განცხადებით, დელეგაციამ აქტიურად იმუშავა ეუთო-ს სამივე განზომილების, განსაკუთრებით კი თავდაცვისა და უსაფრთხოების და ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მიმართულებებით. ასამბლეის 2022 წლის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო რუსეთის ფედერაციის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ნიკოლოზ სამხარაძის ინფორმაციით, დელეგაციის წევრები ყველა ღონისძიებაზე ხაზს უსვამდნენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებულ ვითარებას. ნიკოლოზ სამხარაძის ინიციატივით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბირმინჰემის დეკლარაციის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტის რეზოლუციაში დაემატა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, მოახდინოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაცია და კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. მომხსენებელმა დელეგაციის მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან აქტივობებზე ისაუბრა. საანგარიშო პერიოდში, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა წარადგინა. ასამბლეის 2022 წლის დღის წესრიგში მნიშნველოვანი ნაწილი დაეთმო რუსეთის ფედერაციის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს დელეგაცია, სხვა ქვეყნებთან ერთად, მხარს უჭერდა რუსეთის ფედერაციის ქმედებების დამგმობ დოკუმენტებს.
„საქართველოს დელეგაციამ, როგორც უმრავლესობის ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთმნიშვნელოვნად მხარი დავუჭირეთ ამ დოკუმენტებს და ჩვენი პოზიცია კენჭისყრისას, ნათლად დავაფიქსირეთ“, – განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, 2022 წლის საპარლამენტო ასამბლეის სესიის მეორე ნაწილზე, ასამბლეამ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი რეზოლუცია „საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების“ შესახებ დაამტკიცა. მონიტორინგის კომიტეტის მიერ შემუშავებული რეზოლუციის ტექსტი აღნიშნავს საქართველოში მიღწეულ უწყვეტ და მნიშვნელოვან პროგრესს ევროპის საბჭოს ყველა პრიორიტეტული მიმართულებით.
„2022 წელი საკმაოდ პრობლემური იყო საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. რუსეთის ფართომასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ შეცვალა საერთაშორისო დღის წესრიგი, ეს ბუნებრივია აისახა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაზეც“, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერაიამ, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, 2022 წლის განმავლობაში, საქართველოს დელეგაცია აქტიურად იყო ჩართული ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში. ირაკლი ბერაიას განმარტებით, ასამბლეის სესიებზე განხილულ და დამტკიცებულ ანგარიშებსა და რეზოლუციებში, მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო საქართველოს. ქართული დელეგაციის მიერ წარდგენილი წინადადებისა და შესწორებების საფუძველზე, ასამბლეის დოკუმენტებში კიდევ უფრო გაძლიერდა საქართველოს მხარდამჭერი ჩანაწერები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა არაერთი მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრა ალიანსის წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების, ასევე ნატო-სა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან. ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში შედგა 9, ხოლო საშემოდგომო/წლიური სესიის ფარგლებში – 7 შეხვედრა. დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში სხდომაზე დელეგაციის ხელმძღვანელმა გიორგი ხელაშვილმა წარადგინა. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ვირტუალურ ფორმატში 4 კომიტეტის გამართულ შეხვედრებში, ასევე ვირტუალურ ფორმატში გამართულ ყოველწლიურ სესიაში და ლატვიის დედაქალაქში გამართულ ბალტიის საბჭოს შეხვედრასა და ასამბლეის სესიაში და აღნიშნა, რომ სუამ-ის მუშაობის მთელი ყურადღება მიმართული იყო უკრაინაში შექმნილი ვითარებისკენ. მომხსენებლის ინფორმაციით, კომიტეტების სხდომებისას უკრაინისათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისა და განაწილების ხელშემწყობი სამართლებრივი მექანიზმები და აგრეთვე საომარი მდგომარეობის დროს მოსახლეობის, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური დაცვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივები განიხილეს. დელეგაციის წევრებმა ხაზი გაუსვეს უკრაინელი ხალხის უპირობო მხარდაჭერას ამ რთულ პერიოდში და კომიტეტების წევრებს გაუზიარეს ინფორმაცია საქართველოს მიერ უკრაინის მიმართ გაწეული ჰუმანიტარული დახმარების შესახებ. სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-15 სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ხელაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ურყევ მხარდაჭერას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ და ისაუბრა უკრაინის და ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში სუამ-ის ქვეყნების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. საკუთარ გამოსვლაში, მან დელეგატებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.