საქართველოს შეუძლია ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

24/02/2023

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს. ვენაში მიმდინარე სესიის ფარგლებში სამი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა გაიმართა, სადაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სიტყვით გამოვიდა.
მან ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე, უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ მდგომარეობაზე და რუსეთის მხრიდან მომდინარე მზარდ აგრესიაზე.

„უკრაინაში მიმდინარე აგრესიის ფონზე რუსეთი აგრძელებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსირების პროცესს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მან ყურადღება გაამახვილა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე ვითარებაზე და ამ კონტექსტში საქართველოს მნიშვნელოვან როლზე. ასევე, ხაზი გაუსვა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას.

„დღეს, უკვე ყველასთვის ნათელია შავი ზღვის მნიშვნელობა ევროპისა და მთლიანად, გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში. საქართველოს, როგორც ზღვისპირა ქვეყანას შეუძლია ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ჩვენ გავაძლიერეთ ძალისხმევა რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით. საქართველო გააგრძელებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების დაახლოების პროცესის ხელშეწყობას. ჩვენი ერთადერთი მიზანი არის მშვიდობის უზრუნველყოფა სამხრეთ კავკასიის რეგიონში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0