ხაშურსა და ზესტაფონში იუსტიციის სახლების მშენებლობა გრძელდება

22/02/2023

იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მოქალაქეთათვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაუმჯობესებაა. ამ მიზნით იუსტიციის სახლის მშენებლობა ერთდროულად რამდენიმე ქალაქში – ხაშურში, ზესტაფონსა და სამტრედიაში მიმდინარეობს. ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები ხაშურსა და ზესტაფონში იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მოადგილესთან, ერეკლე ღვინიანიძესთან, ერთად დაათვალიერა. იუსტიციის სახლის 470-მდე სერვისით სარგებლობას ხაშურისა და ზესტაფონის მოსახლეობა უკვე მიმდინარე წელს შეძლებს და ყველა სახის სახელმწიფო მომსახურებას ერთ სივრცესა და კომფორტულ გარემოში მიიღებს. მომსახურების დარბაზის გარდა, ახალ ფილიალებში თანამედროვე ინტერიერის საქორწინო-სარიტუალო სივრცე მოეწყობა. შენობებში იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების ოფისებიც განთავსდება, რომლებიც ამ დრომდე მოძველებულ ინფრასტრუქტურაში ფუნქციონირებენ. ხაშურის ფილიალი შიდა ქართლის რეგიონში მეცხრე იუსტიციის სახლი იქნება, ზესტაფონის იუსტიციის სახლი კი, იმერეთში რიგით 23-ეა. დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით 117 იუსტიციის სახლი მოქალაქეებს ერთი ფანჯრის პრინციპით სხვადასხვა საჯარო უწყებისა და კერძო სექტორის 470- ზე მეტ სერვისს სთავაზობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0