ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფასები შემცირდეს, არაგონივრული, მაღალი მარჟებით არ იყიდებოდეს ძირითადი პროდუქტები. ეს ჩვენს მოსახლეობაზე, ჩვენს ხალხზე აისახება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ფასნამატი 70, 80, ზოგ შემთხვევებში კი, 100%-ით არის გაზრდილი და ეს არის მიუღებელი.
„საკითხი ეხება ჩემ მიერ ორი კვირის წინ გაცემულ დავალებას, რომელიც შეეხებოდა სურსათისა და საწვავის ფასებს. ამის თაობაზე არაერთი შეხვედრა გაიმართა. ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრები იყვნენ აქტიურად ჩართული. კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელობა მთლიანადაა ჩართული ამ პროცესში. ძალიან ბევრი შეხვედრა გაიმართა როგორც იმპორტიორებთან, ისე დიდ ქსელებთან, რითეილის მფლობელებთან. მინდა კიდევ ერთხელ ავუხსნა ჩვენს ხალხს და საზოგადოებას, – სურათი, რომელიც გამოიკვეთა არის შემდეგი, რომ ის ინფორმაცია, რაც მე გავაჟღერე, ანუ ჯამურად, საერთო შეწონილი, გამოდის ისე, რომ ფასნამატი არის 70, 80, ზოგ შემთხვევებში 100%-ით გაზრდილი და, რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი. ამიტომ, ჩვენ ახლა დავიწყეთ აქტიური მუშაობა, თუ როგორ დარეგულირდეს ეს საკითხი. ჩვენ მოვისმინეთ ასევე იმპორტიორების განმარტებები, რომ აქედან, 70-80-%-იდან, მათი მოგება არ არის, არამედ, ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია რითეილის, ანუ ამ დიდი ქსელების ერთგვარ წესებზე, რომლებიც არის მათ მიერ განსაზღვრული და სწორედ ამ წესებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სერიოზული, ლეგიტიმური კითხვები. ეს წესები არ არის აპრობირებული, ევროპაში ასეთი წესები არ მოქმედებს, ეს საკითხი არის დარეგულირებული ევროკავშირის, ევროპის ქვეყნებში, ზოგადად, მთელ დასავლურ სამყაროში”, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მისივე დავალებით, ეკონომიკის სამინისტრო მოამზადებს შესაბამის კანონპროექტს, რომელიც შეეხება ევროდირექტივას სამართლიანი ვაჭრობის შესახებ. პრემიერის თქმით, იმპორტიორებს ექნებათ განსაზღვრული მარჟები, ფასნამატები და ასევე „რითეილს” ექნება თავისი განსაზღვრული წესები.
„ჩემი დავალებით, ეკონომიკის სამინისტრო ახლა მოამზადებს შესაბამის კანონპროექტს, რომელიც შეეხება ევროდირექტივას სამართლიანი ვაჭრობის შესახებ. ამიტომ, ჩვენ პარალელურად გავაგრძელებთ მუშაობას იმპორტიორებთან, ასევე, დიდი ქსელების წარმომადგენლებთან და, პარალელურად, ჩვენ ასევე წარვუდგენთ ამ კანონპროექტს პარლამენტს, და მინდა გამოვთქვა იმედი, რომ პარლამენტის მხრიდან მზაობა იქნება, და ეს დაადასტურეს, და მხარს დაგვიჭერს, რომ ევროდირექტივა, ეს რეგულაციები შემოვიღოთ ჩვენც. სხვანაირად უხეში იქნება ჩვენი მხრიდან რაღაც ხელოვნური ჩარევა განვახორციელოთ. ამიტომ, გამოვნახეთ გზა, რომ ისეთი პრაქტიკა, რომელიც ევროპამ უკვე გაიარა, ჩვენც გადმოვიტანოთ ჩვენს ქვეყანაში. ამით, რეალურად, სამართლიანი წესები დაწესდება. იმპორტიორებს ექნებათ განსაზღვრული მარჟები, ფასნამატები და ასევე რითეილს ექნება თავისი განსაზღვრული წესები. ეს არის გამოსავალი, რაც ამ მოკლე ორკვირიანი მუშაობის შედეგად გამოიკვეთა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფასები შემცირდეს, არაგონივრული, მაღალი მარჟებით არ იყიდებოდეს ძირითადი პროდუქტები. ეს ჩვენს მოსახლეობაზე, ჩვენს ხალხზე აისახება. ინფლაციაზე როცა ვსაუბრობთ, ინფლაციის გასული თვის მაჩვენებელი იყო 9,4%. აქედან 6,1% არის სურსათის ფასები. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ როგორც კი დარეგულირდება ეს საკითხები, და ეს შეიძლება ძალიან მალე მოხდეს, ინფლაციაც ჩამოვა იმ ნიშნულზე, რომელიც ჩვენ გვაქვს განსაზღვრული, 5% დაახლოებით, ამ წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ეს სიკეთე აისახება ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის ჯიბეზე და მათ შემოსავლებზე. ამიტომ, ამ საკითხზე ასეთი გამოსავალი გამოვნახეთ. მთავრობა მალე გაუგზავნის ამ კანონპროექტს პარლამენტს და, იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე მივიღებთ შესაბამის რეგულაციებს. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ, გამოსავალი არ ჩანს. არ მინდა, რომ ვინმეს გავუჩინოთ განცდა, რომ მთავრობა უხეშად ერევა ბიზნესის საქმიანობაში. ეს ჩვენი ხელწერა და პრაქტიკა არ არის. ასეთი გამოსავალი გამოვნახეთ და ისე, როგორც წამლების შემთხვევაში დავარეგულირეთ და ფასები ჩამოვწიეთ – გაიაფდა 60-80%-ით, შემოვიტანეთ ასევე ევროპული პრაქტიკა რეფერენტულ ფასებთან დაკავშირებით, ასეთივე ევრორეგულაციისა და ევროდირექტივების შემოღება გადავწყვიტეთ და, იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე დაიწყებს ფასები კლებას”, – განაცხადა პრემიერმა.