შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში წარადგინა

13/02/2023

„საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 145-ე ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა 125-მდე ქვეყნის 600-მდე პარლამენტის წევრი, გვქონდა შესაძლებლობა შევხვედროდით 20-მდე საპარლამენტო დელეგაციას და პარლამენტის თავმჯდომარეს, შესაძლებლობა გვქონდა არაღიარების პოლიტიკის ხელშესაწყობად ჩვენს კოლეგებთან გვესაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ პოლიტიკის შენარჩუნება და ვაწვდიდით ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცადა. პარლამენტის თავმჯდომარემ კომიტეტს საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში გააცნო. პარლამენტის თავმჯდომარემ 2022 წლის 11-16 ოქტომბერს, რუანდის დედაქალაქ კიგალიში გამართულ საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის რიგით 145-ე ასამბლეაზე, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მონაწილეობის შესახებ ისაუბრა. შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა საკითხებზე, რომელიც ასამბლეის მთავარ თემებს წარმოადგენდა. მისი თქმით, ქართული დელეგაციის წევრები აქტიურად იყვნენ ჩართული განხილვებში. ვიზიტის ფარგლებში, ასამბლეას სიტყვით მიმართა და საქართველოს მხრიდან გენდერული თანასწორობის წახალისებისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით გადადგმულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ასამბლეაზე მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიას, რუსულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ასევე, რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მსოფლიოში სასურსათო კრიზისის შექმნასთან დაკავშირებით. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის ასამბლეის მუშობაში, რომელიც 2023 წლის 11-15 მარტს, ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში გაიმართება.

„ასამბლეის მსვლელობის პარალელურად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა ოთხი კონტინენტის, 19 ქვეყნის პარლამენტების ლიდერებთან. შეხვედრებზე ქართულმა დელეგაციამ ძირითადი ყურადღება გაამახვილა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ ასამბლეის ფორმატში მიმდინარე წელს დაგეგმილი აქტივობების შესახებაც ისაუბრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0