თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ე.წ. კადეტთა კორპუსის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე თავის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. კახა კალაძის განცხადებით, პროექტი 2024 წლის ზაფხულში დასრულდება.
„მთაწმინდის რაიონში კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ეს არის კადეტთა კორპუსი. გარკვეული ნაწილის დემონტაჟი გახდა საჭირო, რადგან რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. დანარჩენი ნაწილი შენარჩუნდა და ავთენტურად პირვანდელი სახით აღდგება. თითოეულ დეტალს, ორნამენტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ეს ყველაფერი შენარჩუნდება. 90-მდე ოჯახი ქირით გვყავს გაყვანილი და მომავალი წლის ზაფხულში მთლიანად დასრულდება სამუშაოები. ეს არ არის მხოლოდ რეაბილიტაცია, გარემონტებულ ბინებს ვაბარებთ. ბოლოს კი ეზო მოწესრიგდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი პაპავა, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები. კადეტთა კორპუსის შენობა XIX საუკუნის მნიშვნელოვან არქიტექტურულ ობიექტს წარმოადგენს. რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს შენობის აღდგენას ძველი იერსახის შენარჩუნებით, ახალი მიშენების მოწყობას, ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას, მათ შორის, შენობის ავარიული შუა ფლიგელის დემონტაჟს და მის ნაცვლად ახალი მონოლითური კონსტრუქციის მშენებლობას, ლაღიძის ქუჩის მხარეს არსებული ფლიგელის კონსტრუქციულ გამაგრებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ავარიული კედლების გადაწყობა და კონსტრუქციული გამაგრება, ხოლო ავარიული ღიობების მოჩარჩოება და მზიდი კედლების გამაგრება დასრულდა. კადეტთა კორპუსის ისტორია 1871 წლიდან იწყება, როდესაც ქალაქში დაწყებითი სამხედრო სკოლა გაიხსნა. სამხედრო სასწავლებლების შესახებ კანონის თანახმად, თბილისის კადეტთა კორპუსს გენერალი ან პოლკოვნიკი ხელმძღვანელობდა. სასწავლებელში იღებდნენ სხვადასხვა სოციალური ფენისა და ეროვნების წარმომადგენლებს. დროთა განმავლობაში კადეტთა რიცხვი იზრდებოდა. 1914 წლისთვის მათმა რაოდენობამ 421 სტუდენტს მიაღწია. შენობა კი 350 ადამიანზე იყო გათვლილი, შესაბამისად, ახალი შენობის აგების გადაწყვეტილება მიიღეს. კადეტთა კორპუსმა ფუნქციონირება 1918 წელს შეწყვიტა.