თბილისის საკრებულომ 19 ქვეყნის, 41 უნივერსიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა

07/02/2023

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში დღეს დედაქალაქის საკრებულომ 19 ქვეყნის 41 უნივერსიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრაზე, რომელიც უმრავლესობის წევრის, ნინო რუხაძის, ინიციატივით გაიმართა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მუნიციპალიტეტს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს. სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლები თბილისს პერსონალის მეხუთე საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ეწვივნენ. სტუმრებს სიტყვით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა და უმრავლესობის წევრმა ნინო რუხაძემ მიმართეს.
როგორც ნინო რუხაძემ განაცხადა, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიურად თანამშრომლობს და ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

„დღევანდელი ღონისძიება თსუ-ს 105 წლის იუბილეს ეძღვნება. მოხარული ვარ, რომ მუნიციპალიტეტსა და თსუ-ს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის საძირკველი ჩაიყარა და ამ მნიშვნელოვან თარიღს ასეთი კარგი ამბით აღვნიშნავთ. ჩვენი თანამშრომლობა წარმატებულია და მომავალშიც გაგრძელდება,“- განაცხადა ნინო რუხაძემ.

თბილისის საკრებულოსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმაც ისაუბრა, რის შემდეგაც სტუმრებს სიტყვით, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა ირმა გრძელიძემ მიმართა. ირმა გრძელიძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლობა ძალიან წარმატებულია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0