მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მასშტაბით, თოვლისაგან საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. მხარის ოთხივე მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ლოკაციაზე იყრება ქვიშა-მარილის ნარევი და ტარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება ავტოტრანსპორტის განვლადობის შენარჩუნებისათვის. ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ამ დროისათვის შესაბამისი სამუშაოების განხორციელება საჭირო გახდა:
მცხეთის მუნიციპალიტეტის ლისის ადმინისტრაციულ ერთეულსა და სოფელ ზემო ნიჩბისში;
დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურისა და ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ქალაქ დუშეთსა და მის შემოგარენში;
თიანეთის მუნიციპალიტეტის არტნის ადმინისტრაციულ ერთეულში, ერწო-თიანეთის დამაკავშირებელ, ასევე, ცენტრალურ და შიდა გზებზე. გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში – დაბა სტეფანწმინდაში, აგრეთვე, სოფლებში – ფხელშეში, გორისციხეში, ტყარშეტში, სიონში, არშაში, ფანშეტში, გერგეტში, სნოსა და აჩხოტში. ამასთან, გაცნობებთ, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ31-კმ66 (ჩარგლის გადასახვევი-ბისო) მონაკვეთზე, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის კმ1-კმ31(ჟინვალი-ჩარგლის გადასახვევი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის კმ1-კმ30 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია გთხოვთ, იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება
07/02/2023