გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა გურამ ალექსიძემ მოაწერეს. მემორანდუმი მიზნად ისახავს სამინისტროსა და აკადემიას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას სოფლისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი და უსაფრთხო განვითარების ხელშეწყობისთვის, ასევე, რესურსული პოტენციალის რაციონალური გამოყენების ხელშეწყობას სამეცნიერო პოტენციალის გამოყენების საფუძველზე.
„მოხარული ვარ, მემორანდუმის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან განახლებული თანამშრომლობის შესაძლებლობით. ვფიქრობ, ერთობლივი მუშაობით დარგის ყველა მიმართულების განვითარება კიდევ უფრო ეფექტიანი იქნება“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მემორანდუმი სამინისტროს, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების და აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების თანამშრომლობის საფუძველზე განსაზღვრული დარგობრივი ამოცანების გადაწყვეტას და რეკომენდაციების მომზადებას ითვალისწინებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ ღონისძიებას, მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მოადგილეები – სოლომონ პავლიაშვილი, კახა კაკაბაძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცეპრეზიდენტი გივი ჯაფარიძე, სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრები ესწრებოდნენ.