ირაკლი ქარსელაძე, ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა

03/02/2023

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან ერთად, ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა. ევროკომისიაში საქართველოს და მოლდოვის ეკონომიკური საინვესტიციო გეგმის განყოფილების ხელმძღვანელი დიანა იაბლონსკა. შეხვედრის მხარეებმა ისაუბრეს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების წარმატებულ პროგრამაზე, რომელიც საქართველოს 4 რეგიონს (კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი) მოიცავდა. პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტებში განხორციელდა 140-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი და დაფინანსდა 400 ზე მეტი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესი. ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია წარმატებით განხორციელებული საპილოტე პროგრამის უკვე მთელ საქართველოზე გავრცელება, იმისათვის, რომ ევროპული მიდგომები დაინერგოს და პროგრამის სარგებელი მიიღოს ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტებმა.
„2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა“ საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 20 დეკემბერს მიიღო. პროგრამის ფარგლებში, ოთხ საპილოტე რეგიონში, ევროკავშირისა და საქართველოს 205 მილიონ ლარის ფინანსური მხარდაჭერით, დაფინანსდა მიზნობრივი ღონისძიებები. პროგრამა ითვალისწინებდა რეგიონული ცენტრების ეკონომიკური, კულტურული და სოციალური ფუნქციების გაძლიერების მხარდაჭერას, ახალი ურბანული მიზიდულობის კერების ჩამოყალიბებას, ყოფილი სამრეწველო, ინდუსტრიული ქალაქებისა და აუთვისებელი ტერიტორიების განახლებას. ასევე, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, ბიზნესების განვითარების, მოსახლეობის მიერ ახალი უნარების შეძენის და ტურიზმის განვითარების მხარდამჭერ სხვადასხვა ღონისძიებებს. მინისტრმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის რეგიონებში მიმდინარე საგზაო, წყალმომარაგების, მყარი ნარჩენების მართვის, მუნიციპალური თუ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ურბანული განახლების მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ. დიანა იაბლონსკამ მაღალი შეფასება მისცა პროექტების პროგრესს და საქართველოს რეგიონული განვითარებისათვის ევროკავშირის მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.
მხარეებმა მადლობა გადაუხადეს ერთმანეთს ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობისათვის და ახალი პროგრამების ახლო მომავალში დაწყების მოლოდინი გამოთქვეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0