საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვედური გადამზიდავი კომპანიის, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საბორნე ოპერატორი კომპანიის – Stena Line-ის აღმასრულებელ დირექტორს ნიკლას მარტენსონს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკლას მარტენსონს საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. აღინიშნა, რომ საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა ევროპის, კასპიის რეგიონის, ცენტრალური აზიისა და ჩინეთის დაკავშირების შესაძლებლობას იძლევა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო არაერთი გავლენიანი საერთაშორისო ანალიტიკური ორგანიზაციის რეიტინგებში მოწინავე ადგილს იკავებს. მთავრობის მეთაურმა Stena Line-ის აღმასრულებელი დირექტორი ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოს გასაცნობად საქართველოში მოიწვია. შვედური გადამზიდავი კომპანია – Stena Line მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საბორნე ოპერატორია. კომპანია ოპერირებს დანიაში, გერმანიაში, გაერთიანებულ სამეფოში, ირლანდიაში, ლატვიაში, ნიდერლანდებში, ნორვეგიაში, პოლონეთსა და შვედეთში. კომპანიის შემოსავალი 407,5 მილიონ დოლარს შეადგენს და 37 გემს ატარებს ევროპის ცხრა ქვეყანას შორის 17 საბორნე მარშრუტზე.
ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Stena Line-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
17/01/2023