მიმდინარეობს ცენტრალური სადისპეჩეროს მოდერნიზებისა და თანამედროვე სისტემის SCADA-ს დანერგვის სამუშაოები

24/12/2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე კომპანია „თელასს“ ეწვია და ზამთრის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო. კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად, მინისტრის მოადგილემ დაათვალიერა „თელასის“ ცენტრალური სადისპეჩერო, რომელიც ემსახურება ელექტროენერგიის მიწოდების კონტროლს ქვესადგურებში, მაღალი ძაბვის 110 -35 კვტ ხაზების საშუალებით. ელექტროენერგია მიეწოდება თბილისის 700,000-მდე მომხმარებელს. აღინიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს ცენტრალური სადისპეჩეროს მოდერნიზებისა და თანამედროვე სისტემის SCADA-ს დანერგვის სამუშაოები, რომელიც მართვას უფრო სრულყოფილს გახდის. ახალი სისტემის დანერგვა 2024 წლისთვის დასრულდება. „თელასში“ სტუმრობისას, მინისტრის მოადგილე კომპანიის წლის საუკეთესო თანამშრომლებს შეხვდა და მათ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„თქვენ ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ თბილისი გაანათოთ და თბილისელების სახელით, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ. კომპანიის წარმატება განპირობებულია სწორედ თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომით. რაც შეეხება მომავალს, მინდა გამოვთქვა იმედი, რომ კომპანიის მუშაობა ყოველთვის იქნება მიმართული თბილისის გამანაწილებელი ქსელის სრულყოფაზე, მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და საიმედო ენერგომომარაგებაზე”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0