იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს მოუსმინა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საკითხზე კენჭისყრა ჩატარდება მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობაში მოხდება პოზიციების შეჯერება და ასევე, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან გაიმართება კონსულტაციები. კომიტეტში სიტყვით 8 კანდიდატი: ნოდარ პაპუკაშვილი, სულხან სალაძე, ლიკა საჯაია, სოფიო სოხაძე, გიორგი ტურაზაშვილი, კახა წიქარიშვილი, დიმიტრი ხაჩიზე და თეიმურაზ ჯერვალიძე გამოვიდა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით წარდგენილი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხის განხილვა და აღნიშნული კანდიდატების მოსმენა დაასრულა. ნოდარ პაპუკაშვილის წარმდგენია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, სულხან სალაძის – სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ლიკა საჯაიასი – ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, სოფიო სოხაძის – საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, გიორგი ტურაზაშვილის – საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, კახა წიქარიშვილის – ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, დიმიტრი ხაჩიძის – ა(ა)იპ უფლებები საქართველო, თეიმურაზ ჯერვალიძის – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საზოგადოებრივი პროგრამირების ფონდი და იურისტთა ასოციაცია. როგორც დღეს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, მას შემდეგ, რაც შალვა პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს რიგგარეშე სესიის დანიშვნასთან დაკავშირებით, მიმდინარე კვირის დღის წესრიგში ერთ-ერთი საკითხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა იქნება. პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრის ასარჩევი კონკურსი 30 სექტემბერს დაიწყო და 20 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდა. სულ წარდგენილი იყო 32 კანდიდატი და მათთან გასაუბრების პროცესი 8 დეკემბერს დაიწყო.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დასრულდა
19/12/2022