საგადასახადო შეღავათები სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ფიზიკური პირებისათვის და კოოპერატივებისთვის სამი წლით გაგრძელდება

15/12/2022

საგადასახადო შეღავათები საშემოსავლო, მოგების და ქონების გადასახადზე სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ფიზიკური პირებისათვის და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის 3 წლის ვადით, 2026 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, თანმდევ პაკეტთან ერთად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დაჩქარებული წესით, მეორე მოსმენით განიხილა. ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილმა კანონპროექტის წარდგენისას განმარტა, რომ 2026 წლის 1 იანვრამდე ასევე გაგრძელდება ფიზიკური პირის, არარეზიდენტების გათავისუფლება საშემოსავლო და მოგების გადასახადისგან სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებულ შემოსავალზე და თამბაქოს ნედლეულის იმპორტის გადასახადზე; იმავე ვადით გადაიწევს ბაზრობაზე არასტაციონარული სავაჭრო ადგილის გამოყენებით ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირებისათვის საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება და სხვა საგადასახადო შეღავათები. შესაბამისი ცვლილებები შედის „საქართველოს საბაჟო კოდექსში“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონში. კომიტეტმა წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0