საკანონმდებლო ცვლილება ქალთა ძალადობის მსხვერპლებს მხარდაჭერის სერვისებით შეუფერხებლად სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს

15/12/2022

ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი მხარდაჭერის სერვისებით შეუფერხებლად ისარგებლებს, ამას ითვალისწინებს 5 კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო ცვლილებთა პაკეტი, რომელიც პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე განიხილა პირველი მოსმენით. პარლამენტის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, რომ კანონპროექტით ახლებურად რეგულირდება ქალთა მიმართ ძალადობის ანდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მიერ სახელმწიფო მომსახურებებით, მათ შორის, თავშესაფრით, კრიზისული ცენტრით სარგებლობის საკითხი, კერძოდ, მომსახურებებით სარგებლობის საჭიროებისას მსხვერპლის სტატუსის არსებობის წინაპირობა გაუქმდება. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „ამ კანონპროექტის ინიცირება განპირობებულია ზოგადად აუცილებლობით, რომ ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის და ამ მოვლენასთან ბრძოლის მიმართულებით გააქტიურდეს ჩვენი მუშაობა და ძალისხმევა და ასევე, აქტუალობას განაპირობებს ის გარემოება, რომ თორმეტპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურება“. პარლამენტმა კენჭისყრით დაუჭირა მხარი პირველი მოსმენით განხილულ კანონპროექტთა პაკეტს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0