პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების მოსმენის პროცესი დაიწყო

08/12/2022

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხის განხილვა და აღნიშნული კანდიდატების კომიტეტის სხდომაზე მოსმენა დაიწყო. დღეს კომიტეტმა ხუთ კანდიდატს: ზურაბ აზნაურაშვილს, ვიქტორ ახალბედაშვილს, ტრისტან ბენაშვილს, კარლო ბზიშვილს და ზაზა ბუაჩიძეს მოუსმინა. კანდიდატებმა სხდომის მონაწილეებს საკუთარი ბიოგრაფიული მონაცემები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით მოსაზრებები გააცნეს. მათ დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხეს. ზურაბ აზნაურაშვილის წარმდგენია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი და იურისტთა ასოციაცია, ვიქტორ ახალბედაშვილის – უფლებათა დაცვის ცენტრი, ტრისტან ბენაშვილის – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია, კარლო ბზიშვილის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ზაზა ბუაჩიძის – გამჭვირვალობა საქართველოს ცენტრი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით არ არის განსაზღვრული, პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით მიღებული იქნა გადაწვეტილება მოსმენების გამართვის შესახებ.

„კომიტეტს რაიმე სახის ვალდებულება არ აქვს, რომ მოუსმინოს კანდიდატებს. ჩვენ, პარლამენტის რეგლამენტით სრულად გვქონდა იმის შესაძლებლობა მონიჭებული, რომ საკომიტეტო საჯარო სხდომაზე მოსმენის გარეშე წარგვემართა ეს პროცესი, მაგრამ იმისთვის, რომ მაქსიმალური გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი და ჩვენს საზოგადოებას ამ პროცესის მონიტორინგის შესაძლებლობა ჰქონდეს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კანდიდატები საჯაროდ საკომიტეტო სხდომაზე წარდგნენ“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრის ასარჩევი კონკურსი 30 სექტემბერს დაიწყო და 20 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდა. ამ პერიოდის განმავლობაში პარლამენტში 32 კანდიდატურა იქნა წარდგენილი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების მოსმენის პროცესი ხვალ, 9 დეკემბერს გაგრძელდება. კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 10:00 საათზე დაიწყება, დაგეგმილია 6 კანდიდატის – გიორგი ბურჯანაძის, გრიგოლ გაგნიძის, გიორგი გზობავას, ზურაბ გურასპაშვილის, იოსებ ვარძელაშვილის და მანუჩარ კაკოჩაშვილის მოსმენა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0