პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მოუსმინეს. მთავრობის წარმომადგენელმა პარლამენტის წევრებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სფეროში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, მიღწეული შედეგები, სამომავლო გეგმები გააცნო. მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებულ ინიციატივებზე, რომლებიც მისი თქმით, განათლების ყველა საფეხურზე თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის უპირობო მხარდაჭერის მნიშვნელობას, რასაც განათლებისა და მეცნიერების ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი ადასტურებს.
„განათლება და მეცნიერება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამის ნათელი დასტურია ის, რომ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ასიგნებები 2 მლრდ. 30 მლნ. 800 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს 345,9 მლნ ლარით აღემატება. ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს ვიმუშაოთ სიახლეებზე, გავაუმჯობესოთ უკვე მიღწეული შედეგები და კიდევ უფრო აქტიურად, სწრაფი ტემპით გავაგრძელოთ მიმდინარე კომპლექსური რეფორმა, რომელიც განათლების სისტემის ყველა საფეხურს მოიცავს“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიან ეროვნულ სტრატეგიაზე და ამავე სტრატეგიის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმაზე.
„თითოეული ინიციატივა და პროექტი, რომელსაც ვახორციელებთ მიმართულია საზოგადოებისა და სახელმწიფოს საჭიროებებზე ორიენტირებული ხარისხიანი, თანასწორი, ინკლუზიური და მრავალფეროვანი განათლებისა და მეცნიერების სისტემის უზრუნველყოფისკენ“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მინისტრმა ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის კუთხით განხორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები შეაჯამა. მიხეილ ჩხენკელმა იმ ახალ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც ხელს უწყობს ზოგადი განათლების ხარისხის განვითარებას და მის კიდევ უფრო დაახლოებას ევროპულ სტანდარტებთან. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სკოლების მხარდამჭერი ძლიერი მექანიზმების ამუშავებას. მთავრობის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა განათლების ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე. მისივე განცხადებით, სამინისტროს პრიორიტეტს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის უწყვეტ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათი სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. მინისტრმა ხაზი გაუსვა ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის მხარდაჭერას. როგორც მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს მოსწავლეებზე ზრუნვა და, ამავდროულად, ზოგადი განათლების ხარისხის ამაღლება და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. მასწავლებელთა მხარდამჭერ პროგრამებზე საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ 2023 წლის იანვრიდან დაგეგმილია საჯარო სკოლების მასწავლებელთა დანამატისა და მანდატურთა ანაზღაურების ზრდა 125 ლარით, ხოლო სკოლის ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასების ზრდა 10%-ით. ამასთან, 2023 წლიდან დეკრეტულ შვებულებაში მყოფი სკოლის მასწავლებლები მიიღებენ ანაზღაურებას. მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის წევრებს ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო გეგმები გააცნო. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ახალ ინიციატივებზე, რომლებიც საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022-2023 სასწავლო წლისთვის განხორციელდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობაზე ისაუბრა, ამ მიმართულებით მიღწეული შედეგები შეაჯამა და დეპუტატებს 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, სკოლებში თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
„დაწყებულია 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, რომლის ფარლებში 2026 წლის ბოლოსთვის ჯამში 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. ამ დროისთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება. აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაციისა და ახალი სკოლების მშენებლობის დროს გათვალისწინებულია მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მინისტრმა პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში 2022 წელს გატარებული ღონისძიებები შეაჯამა და საკანონმდებლო ორგანოს წევრებს მიმდინარე და სამომავლო პროექტები გააცნო. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ რეფორმის პროცესი ფოკუსირებულია შესაძლებლობების კიდევ უფრო ზრდაზე. კერძოდ, მოქალაქეებისთვის მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი სერვისების შეთავაზებაზე შემდგომი დასაქმების, სამეწარმეო საქმიანობის წამოწყების, პროფესიული თუ პიროვნული განვითარების მიზნით.
„ჩვენი გუნდის მიზანია, პროფესიული განათლება გახდეს კიდევ უფრო პოპულარული და მასზე წვდომა ჰქონდეს ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს საქართველოს ყველა რეგიონში. სამინისტრო, კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით, ინტენსიურად მუშაობას პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან მისი კიდევ უფრო დაახლოების მიმართულებით“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მან ბოლო წლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებები გაიხსნა. მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა მთავრობის ინიციატივაზე, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების ხელშეწყობას. მინისტრმა დეპუტატებს უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით შეთავაზებული სიახლეების, მიმდინარე პროგრამებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან ყურადღება გაამახვილა ეროვნული გამოცდების რეფორმის მნიშვნელობაზე.
„უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარებისა და უმაღლესი განათლების ერთიან ევროპულ სისტემასთან ჰარმონიზაციის მიზნით, შემუშავდა და ამოქმედდა კლასტერული აკრედიტაცია, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად წინასწარ განსაზღვრულ დარგებში შეფასდება მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამები. 2028 წლამდე უმაღლესი განათლების ყველა სფერო ეტაპობრივად გაივლის კლასტერულ აკრედიტაციას“, – განაცხადა მომხსენებელმა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაზე. როგორც მან განაცხადა, დაიგეგმა სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების სრულყოფა და განვითარება. მიხეილ ჩხენკელმა დეპუტატებს სტუდენტთა მხარდაჭერის მიმართულებით გადადგმული ქმედითი ნაბიჯები გააცნო. მინისტრმა სწავლის დაფინანსების პროგრამებზეც ისაუბრა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უმაღლესი განათლების სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებს სთავაზობს. მთავრობის წარმომადგენლის თქმით, უნივერსიტეტების მხარდასაჭერად სამინისტრო არაერთ პროექტს ახორციელებს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის მიზნით. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მეცნიერების განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
„ჩვენი პრიორიტეტია, მეცნიერების განვითარების მხარდაჭერის მიზნით, ხელი შევუწყოთ შედეგზე ორიენტირებული საუკეთესო ხარისხის კვლევების წარმოებას“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მინისტრმა დეპუტატებს მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის მხარდამჭერი პროექტები და მიღწეული შედეგებიც გააცნო. როგორც მთავრობის წარმომადგენელმა აღნიშნა, ამ მიმართულებით, მიმდინარე წელს არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში ასოცირების საერთაშორისო შეთანხმება. სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა საქართველოში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მხარდაჭერისა და მათი გაძლიერების მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მიინსტრმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო ასპარეზზე ქართველი მეცნიერების მიერ მიღწეულ წარმატებებზე.