სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიურ ანგარიშს პარლამენტს უშუალოდ სამსახურის უფროსი წარუდგენს

01/12/2022

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 78 ხმით, ერთხმად მიიღო „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება. საკითხი განსახილველად სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა წარადგინა. დღეს მოქმედი ნორმის მიხედვით, პარლამენტისთვის ანგარიში სამსახურის უფროსს ან მის მოადგილეს უნდა წარედგინა. ცვლილების თანახმად კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს პარლამენტს წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 15 აპრილისა, უშუალოდ სამსახურის უფროსი წარუდგენს. შემოთავაზებული ცვლილების განხორციელებით, აღნიშნული კანონი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტთან შესაბამისობაში მოვა. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების მიზნით, საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერების და დახვეწის მიმართულებით, 2022 წლის 3 ნოემბერს ძალაში შევიდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში განხორცილებული ცვლილებები, რომელიც ასევე, შეეხო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის საჯარო ანგარიშის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის წესს. კანონპროექტის ინიციატორები საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი და ირაკლი შატაკიშვილი არიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0