თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაციის მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების ვადა 2024 წლის 31 ივნისამდე გადაიწევს

28/11/2022

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა. პარლამენტის წევრმა ისკო დასენმა კანონპროექტის წარდგენისას განმარტა, რომ კანონის თანახმად, 2022 წლის 31 დეკემბრიდან იკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია-განლაგება სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე. მისი განმარტებით, ცვლილების განხორციელება და მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების ვადის 2024 წლის 31 ივნისამდე გადაწევა შესაძლებლობას იძლევა კომპანიებმა მოახდინონ თავისი წარმოების არსებულ რეალობასთან ადაპტირება რადიკალური დანაკარგების გარეშე. ამასთან, თავიდან იყოს აცილებული უკანონო ვაჭრობა, გაზრდილი კონტრაბანდული პროდუქციის ოდენობის ბაზარზე შემოდინება, ლეგალური პროდუქციის გაყიდვების შემცირება და დამატებითი დეფიციტი საბიუჯეტო შემოსავლებზე.

„2017 წლის შემდეგ, ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში თამბაქოს ნაწარმის ინდუსტრიაში ჩაბმული კომპანიების მიერ მუდმივად ხდებოდა პროდუქტის არსებულ კანონმდებლობასთან მორგება და დღეის მდგომარეობით დარჩენილია მხოლოდ თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია-განლაგების ვალდებულების ამოქმედება, რაც ითვალისწინებს თამბაქოს ნაწარმის – შეფუთვის, შეფუთვის ფერის, წარწერების და ნიშნების, ზედაპირის, ხმის სურნელის და ჩანართის, ჩასაფენისა და ფოლგის, გარსის, ფორმის, ზომისა და შეფუთვის გახსნის, სიგარეტისა და სიგარის ღერების სტანდარტიზებულ შეფუთვას. ახალი ცვლილებით კი კომპანიებს შეეძლებათ თავისი წარმოების ადაპტირება არსებულ რეალობასთან, რაც უკრაინაში საომარ მოქმედებებს უკავშირდება“, – განაცხადა მომხსენებელმა.

​მან ასევე აღნიშნა, რომ კანონპროექტი გამარტივებული წესით განიხილება. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0