ხაშურის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების სრული რეაბილიტაცია-მშენებლობა იწყება

21/11/2022

“უახლოეს დღეებში, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ გააფორმებს ხელშეკრულებას ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების სრული რეაბილიტაციის პირველი ლოტის სამუშაოებზე და სამობილიზაციო სამუშაოები მყისიერად დაიწყება,“-განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა, დაახლოებით, 160 კმ წყალმომარაგების მილი და 45 კმ წყალარინების ქსელი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება და განვითარდება სასმელი წყლის სათავე ნაგებობა, რეზერვუარები და ჩატარდება სხვა აუცილებელი სამუშაო.

,,მთლიანობაში პროექტი, რომელიც სამი ლოტისაგან შედგება, 225 მილიონი ლარის ღირებულებისაა და მისი დასრულების შემდეგ 24 000 ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. პროექტი ფინანსდება საქართველოს მთავრობისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ და წარმოადგენს ერთ-ერთ იმ დიდ და მნიშვნელოვან პროექტს, რომლის ფარგლებშიც, 2025 წლის ბოლომდე ყველა ქალაქში გვექნება 24 საათიანი წყალმომარაგება“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0