პარლამენტმა ინტერპელაციის წესით განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს მოუსმინა

18/11/2022

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ინტერპელაციის წესით განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მოუსმინეს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრს კითხვებით საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა: ნიკა მაჭუტაძემ, ანა წითლიძემ, დავით ხაჯიშვილმა, გიორგი გოდაბრელიძემ, თამარ ჩარკვიანმა, სულხან სიბაშვილმა, ბაჩუკი ქარდავამ და გიორგი ბოტკოველმა მიმართეს. კითხვები კერძო რუსულენოვანი სკოლების ავტორიზაციას, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, სკოლების ინტერნეტიზაციას და ტექნიკით აღჭურვის პროგრამას, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოეთის საჯარო სკოლის კორპუსის დემონტაჟს ეხებოდა. მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 2022 წლის 1-ელი იანვრიდან საჯარო და კერძო სკოლებში რუსული სექტორი არ დამატებულა, ხოლო 2 საჯარო სკოლაში რუსულმა სექტორმა ფუნქციონირება შეწყვიტა.

„ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით გვაქვს 11 რუსულენოვანი სკოლა და 45 სექტორი. 2020-2022 წლებში ავტორიზაცია არცერთ ახალ რუსულენოვან კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას არ გაუვლია“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრის ინფორმაციით, გასულ სასწავლო წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მიხელ გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე და ბათუმის მე-20 საჯარო სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორები დაფუძნდა, ხოლო მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, 2022-2023 სასწავლო წლისთვის თბილისში 220-ე საჯარო სკოლაში კიდევ ერთი უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა. მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ სტუდენტების შესახებ მონაცემები განახლებულია და ცხრილში 2018 წლის 1-ელი ნოემბრიდან 2022 წლის 1-ელი ნოემბრის ჩათვლით სტატუსშეჩერებული სტუდენტების მონაცემებია ასახული.

„სტუდენტის სტატუსის შეჩერების მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა: უცხო ქვეყანაში სწავლა, ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. პირადი განცხადება მიზეზის მითითების გარეშე ან ფინანსური დავალიანება. 2018-2022 წლების მონაცემებით, ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებული სტუდენტების მკვეთრი ცვლილება არ აღინიშნება“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

რაც შეეხება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოეთის საჯარო სკოლის ავარიული კორპუსის საკითხს, მიხეილ ჩხენკელის განმარტებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებული საექსპერტო დასკვნის თანახმად, აღნიშნული სკოლის შენობა არადამაკმაყოფილებელი და საფრთხის შემცველია ბავშვებისთვის.

„ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მისი დემონტაჟის შესახებ უკვე მიღებულია, როგორც ეს კითხვაშია დასმული. საჯარო სკოლის დემონტაჟთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება ენიჭება სკოლის ადმინისტრაციას“, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.

მისი თქმით ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობასთან ერთად, ქვეყნის ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა „ნებისმიერი გადაწყვეტილება ბავშვების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით იქნება მიღებული“, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრის პასუხების შემდეგ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დებატები გაიმართა. დებატების ფორმატში, რეგლამენტის შესაბამისად, უფრაქციო პარლამენტის წევრებმა, პოლიტიკური ჯგუფების, საპარლამენტო ოპოზიციისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა მოსაზრებები გამოთქვეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0