პარლამენტმა ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინა

18/11/2022

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს. ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციის წევრების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის, ტარიელ ნაკაიძის, თამარ კორძაიას, როსტომ ჩხეიძისა და ნატო ჩხეიძის საინტერპელაციო კითხვებს უპასუხა. პრემიერ-მინისტრმა თითოეულ კითხვაზე პასუხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლამდე წერილობითი ფორმით წარუდგინა პარლამენტს. კითხვები საქართველოს მთავრობის მხრიდან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასა და ევროკომისიის მიერ დაწესებული 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად გაწეულ სამუშაოებს, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ განცხადებებს და საქართველოს ენერგორესურსებს ეხებოდა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკომისიის მიერ დაწესებული 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად მუშაობა პარლამენტში ინტენსიურად მიმდინარეობს, თუმცა, სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს ოპოზიციის წარმომადგენლების გარკვეული ნაწილი არ ესწრება.

„მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა (და ეს მართლაც იყო ისტორიული გადაწყვეტილება), პარლამენტის უმრავლესობა, ჩვენი გუნდის ლიდერები გამოვიდნენ ინიციატივით, წარადგინეს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ და რა ვადებში ვასრულებთ 12 რეკომენდაციას. თითოეულ რეკომენდაციაზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და ჩვენ, ყველამ ერთად, მათ შორის, მეც განვაცხადეთ, რომ მზად ვართ, კარი გავუღოთ ჩვენს ოპონენტებს, მედიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო სექტორს, ყველას, ვინც რეალურად დაინტერესებულია, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. პასუხად მივიღეთ ის, რასაც თქვენ აკეთებდით 10 წლის განმავლობაში: საბოტაჟი და დესტრუქცია, პროვოკაციები, რაც არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, მთავარი გამოწვევა დეპოლარიზაციაა, თუმცა მისივე შეფასებით, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ამის საპირისპიროდ იქცევა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 10 წელიწადში ხელისუფლებამ ხელი მოაწერა: ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს.

„ახლა უკვე, ამ ახალი რეალობის გათვალისწინებით, დაჩქარდა რეალურად ჩვენ მიერ ისედაც გაცხადებული პროცესი და შევიტანეთ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი და ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც წინა ხელისუფლების სისტემა დაამსხვრია „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, „ქართული ოცნების“ გუნდმა ევროინტეგრაციის გზაზე ყველაზე მეტი გააკეთა.

„კითხვა შეეხებოდა იმას, თუ რა გააკეთა მთავრობამ იმისთვის, რომ ქვეყანას მიეღო კანდიდატის სტატუსი და როგორია ჩვენი მოლოდინები, რას ვაკეთებთ ახლა და როგორ სრულდება თორმეტივე რეკომენდაცია – მინდა მანამდე ყველას შევახსენო, რომ მას შემდეგ, რაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით დაამსხვრია ის მახინჯი სისტემა, ფსევდოდემოკრატიული და რეალურად თავისი შინაარსით, გამოხატვის ფორმებით და მმართველობის სტილით აბსოლუტურად დეგრადირებული, ავტოკრატიული, დიქტატორული რეჟიმი, ჩვენმა გუნდმა ამ გზაზე, რასაც ჰქვია ევროინტეგრაციის გზა, ყველაზე მეტი გავაკეთეთ მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღადგინა. მინდა რამდენიმე კონკრეტული მაგალითი შევახსენო ჩვენს ოპონენტებს: პირველი მთავარი დოკუმენტი, რაც არის გზამკვლევი და სახელმძღვანელო, ეს არის ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც დაგვიანებით გადმოეცა საქართველოს. 3 წლის დაგვიანებით დაიწყო რეალურად მოლაპარაკებები წინა ხელისუფლებამ ანუ ბატონი ვაშაძის და მისი თანაგუნდელების ხელისუფლებამ. ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა მხოლოდ მას შემდეგ გადმოეცა საქართველოს, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში. ესეც დაგვიანებით დაიწყო წინა ხელისუფლებამ. რეალურად, ამ 10 წელიწადში ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს და ახლა უკვე, ამ ახალი რეალობის გათვალისწინებით, დაჩქარდა რეალურად ჩვენ მიერ ისედაც გაცხადებული პროცესი და შევიტანეთ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი და ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ოპოზიციამ ისტორიულ გადაწყვეტილებამდე 2 კვირით ადრე ევროპარლამენტს ქვეყნისთვის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიაღებინა.

„ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო, თქვენ კი ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო. ეს იყო შეთქმულება, ეს არის საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ამის თანამონაწილენი ხართ ყველანი. ასევე, შეგახსენებთ ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც იყო ანტიქართული, სამარცხვინო და უსამართლო. მაშინ, როდესაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ევროპულ საბჭოს უნდა მიეღო ისტორიული გადაწყვეტილება და ჩვენ არ ვიცოდით მოგვცემდნენ თუ არა სტატუსს, რა უნდა გაეკეთებინა პატრიოტ მოქალაქეს, მით უმეტეს, პოლიტიკოსს? რა მნიშვნელობა აქვს, ოპოზიციაში არის თუ პოზიციაში, თუ მას შეუძლია რაღაც წვლილი შეიტანოს. ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რომ ეს სტატუსი ჩვენც მიგვეღო ავანსად. როგორ მოიქცა ჩვენი ძვირფასი ოპოზიცია? ყველაფერი გააკეთეს, მათ მთავარ ლობისტებთან ერთად დაარწმუნეს ევროპარლამენტარ წევრთა უმრავლესობა, ამ შემთხვევაში, მათი დედა-პარტიის, „ევროპის სახალხო პარტიის“ უმრავლესობა, სხვა პარტიების წარმომადგენლებიც და ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილებამდე 2 კვირით ადრე მიაღებინეს ქვეყნისთვის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. პირდაპირ ლანგრით მიართვეს მიზეზი სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებს, გარკვეულ ინტერესთა ჯგუფებს იმისთვის, რომ დაესაჯათ საქართველო, გამოეყოთ ამ ჯგუფიდან“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციას ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებული მოვლენები შეახსენა.

„გამაოგნებელი იყო თქვენი ქცევა და რეაქცია, როცა ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი იყო ჩამოსული. ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი. კაცი ბრიუსელიდან კონკრეტული გზავნილით ჩამოვიდა. ყველას შევახსენებ, რომ ევროკომისარი გაფართოების საკითხებში არ არის უბრალოდ ევროპარლამენტარი ან რიგითი ბიუროკრატი, ის არის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი და ჩვენ ვნახეთ, როგორ დაესხა თავს მთელი დესტრუქციული ოპოზიცია რადიკალური ფორმითა და გამოხატვით და როგორი შეურაცხყოფა მიაყენეს ადამიანს, რომელმაც ჩამოიტანა პოზიტიური გზავნილი და პოზიტიური შეფასება გააკეთა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პასუხების შემდეგ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დებატები გაიმართა. დებატების ფორმატში, რეგლამენტის შესაბამისად, უფრაქციო პარლამენტის წევრებმა, პოლიტიკური ჯგუფების, საპარლამენტო ოპოზიციისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა მოსაზრებები გამოთქვეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0